მრავალსართულიანი პარკინგის მშენებლობისთვის ინვესტორებს მიწა სიმბოლურ ფასად გადაეცემათ

თბილისის მერია მრავალსართულიანი პარკინგის მშენებლობის პროექტის განხორციელებას გეგმავს. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ”PalitraNews”-ის გადაცემაში ”ჩემი კითხვა” განაცხადა, უკვე მზად არის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და უახლოეს მომავალში ათ ლოკაციაზე კონკურსი გამოცხადდება.

“დაინტერესებულ ინვესტორებს სიმბოლურ ფასად გადავცემთ მიწას, რომელიც არის მუნიციპალურ საკუთრებაში, რათა მათ პარკინგი ააშენონ და იქიდან შემოსავალი მიიღონ”, - განაცხადა ნარმანიამ.

დედაქალაქის მერმა საცობების განტვირთვის მიზნით დაგეგმილ და მიმდინარე სხვა პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება. ”პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობის აღდგენის მიზნით ხორციელდება პროექტი და დაახლოებით ერთ თვეში იქ მოძრაობა აღდგება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია შინდისი-კრწანისის დამაკავშირებელი გზა, რომელიც იმისთვის დავიწყეთ, რომ ქალაქის ისტორიულ უბანში - ასათიანის ქუჩა და სხვა მიმდებარე ქუჩები ავტომობილებისგან განიტვირთოს. ასევე ჩვენ სამება-მახათას მთის დამაკავშირებელი ახალი გზა გავაკეთეთ, რომლის მშენებლობა სულ მალე დასრულდება. ცინცაძე, კარტოზია, საბურთალოს ქუჩაზე უშუქნიშნო მოძრაობის განხორციელების ინფრასტრუქტურული პროექტი დაიწყება. გარდა ამისა, გრძელდება ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნების პროექტი”, - აღნიშნა ნარმანიამ. მისივე თქმით, ასევე დაწყებულია ახალი ავტობუსების პროგრამა, რაც ძველი ავტობუსების თანამედროვე ავტობუსებით ჩანაცვლებას გულისხმობს.