თბილისის მერია შეჩერებულ მშენებლობებთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიებისთვის ახალი მექანიზმების შეთავაზებას გეგმავს

თბილისის მერია შეჩერებულ მშენებლობებთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიებისთვის ახალი მექანიზმების შეთავაზებას გეგმავს. როგორც დავით ნარმანიამ “PalitraNews”-ის გადაცემაში “ჩემი კითხვა” განაცხადა, “მოდიან ახალი კომპანიები, რომლებიც დაინტერესებული არიან ძველ კომპანიებს ჩაენაცვლონ და მათი ვალდებულებები გადმოიბარონ. ნარმანიას განმარტებით, თუკი მათ უფრო მაღალ სამშენებლო კოეფიციენტს მისცემენ, მშენებლობებს დაასრულებენ და იმ ადამიანებს დააკმაყოფილებენ, ვინც ბინებს წლების განმავლობაში ელოდება.

“მთელი ქალაქის მასშტაბით აღვწერეთ წლების განმავლობაში შეჩერებული მშენებლობები. მოფიქრებული გვაქვს რამდენიმე მექანიზმი, რათა დაინტერესებულ პირებს შევთავაზოთ. 100-მდე საცხოვრებელი კორპუსია, რომელიც სხვადასხვა ეტაპზეა გაჩერებული. არის ზოგიერთი მათგანი, რომლის დასრულებასაც შედარებით მცირე რესურსი სჭირდება, ხოლო ზოგიერთი საწყის სტადიაზეა. მათ შორის არის ისეთი რთული მშენებლობები, სადაც ერთი და იგივე ბინები რამდენჯერმეა გადაყიდული”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერმა აღნიშნა ისიც, რომ ცენტრალურ მთავრობასთან ერთად მიღებულია გადაწყვეტილება ასეთი მშენებლობების დამატებით ღირებულების გადასახადისგან და ასევე, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტისგან გათავისუფლების შესახებ, რაც “ბიძგის საფუძველია”.