„Check in Georgia”-ს ფარგლებში მორიგი კონცერტი სიღნაღში გაიმართება

საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული პროექტი „Check in Georgia” გრძელდება. პროექტის ფარგლებში დღეს, 19:00 საათზე, სიღნაღში, დავით აღმაშენებლის სახელობის მოედანზე ჯგუფ ”ფრანის” და ”ნიკოლშოუს” კონცერტი გაიმართება.

„Check in Georgia” აპრილში დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება, პროექტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, 19 ქალაქში დაგეგმილ 150-ზე მეტ კულტურულ ღონისძიებას აერთიანებს.

ორგანიზატორების თქმით, პროექტის განხორციელების მიზანი წლის განმავლობაში საქართველოს კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტების მოზიდვაა. პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა 3 კონცერტი, ქართველი მსმენელის წინაშე წარდგნენ ეროს რამაზოტი, რობი უილიამსი და ჯგუფი ”Maroon 5”.

”Check in Georgia”-ს ფარგლებში, 18 ივნისს, ქუთაისში ხოსე კარერასისა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი გაიმართება.