შუქნიშნის ფერებით წონის კონტროლი იქნება შესაძლებელი

ამერიკელმა მეცნიერებმა ჯანსაღი კვებისთვის მარტივი და ძალზე საინტერესო მეთოდი შეიმუშავეს.

ექსპერიმენტის ფარგლებში სპეციალურ ვებგვერდზე, საიდანაც საოფისე თანამშრომლები კერძებს უკვეთავენ, თითოეულ კერძი მონიშნეს სპეციალური შუქნიშნის ფერებით.

დაბალკალორიული კერძები მონიშნეს მწვანე ფერის მარკირებით, საშუალო რაოდენობის კალორიების მქონე კერძები - ყვითლით, მაღალკალორიული კი - წითელი ნიშნულით.

ამასთან, მეცნიერებმა კერძის აღწერილობაც გამოაქვეყნეს, რომელიც შეიცავდა ინფორმაციას მისი ენერგეტიკული ფასეულობის შესახებ.

აღმოჩნდა, რომ კერძების შერჩევისას, მომხმარებელი „შუქნიშანს“ გაცილებით უფრო მეტ ყურადღებას აქცევდა, ვიდრე აღწერილობას.

გარდა ამისა, კვლევის დროს მომხმარებელთა დიდმა წილმა დაბალკალორიული კერძების შეკვეთა დაიწყო, ყველაზე მეტად ეს შეეხო მათ, ვისაც ჭარბი წონა აწუხებდა.

ექსპერიმენტის შეჯამებისას, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ სპეციალური შუქნიშნის გამოყენებით, ბევრი ადამიანისთვის ჯანსაღი რაციონის შედგენა გაცილებით უფრო მარტივი გახდება.

ამერიკელ მეცნიერებს სურთ, რომ მომავალში ფერადი მარკირება გამოჩნდეს რესტორნებისა და სხვა მსგავსი დაწესებულებების მენიუში.