გიორგი კვირიკაშვილი - ჩვენი ერის წარმატება სამ სვეტზე დგას, ესენია: ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება და დემოკრატია

მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ საქართველო ვაქციოთ შესანიშნავ ქვეყნად და სამაგალითო ინსტიტუციური დემოკრატია შევქმნათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა CAMCA-ს რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კვირიკაშვილმა აშშ-ის თავდაცვის ყოფილ მდივან დონალდ რამსფელდს ღონისძიების ორგანიზებისა და საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

”მოხარული ვარ, რომ თბილისი ამგვარი რეგიონული ღონისძიებების ჩატარების ცენტრი ხდება. დიდი მადლობა მდივან რამსფელდს აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლის სტატუსით და შემდგომში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზარმაზარი მხარდაჭერისათვის. მსოფლიოს ამ სირთულეებით სავსე რეგიონში გადასარჩენად უმნიშვნელოვანესია თქვენნაირი მეგობრების ყოლა. მოხარული ვარ, რომ ბატონი თედო ჯაფარიძის სახით მყავს შესანიშნავი მასწავლებელი და მენტორი და მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რომ ჩემს მიმართ კეთლი სიტყვები არ დაიშურეთ. აღფრთოვანებული ვარ, რომ დამსწრეთა შორის ვხედავ რამსფელდის პროგრამის მრავალ სტიპენდიანტს, რომლებიც აგრძელებენ თავიანთი ქვეყნების განვითარებაში წვლილის შეტანას. მე საკუთარ თავზე გამოვცადე აშშ-ში სასწავლო სტიპენდიის ღრმა ეფექტი. 1990-იან წლებში, ამერიკის ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში ჩარიცხვა ამ რეგიონის წარმომადგენლისთვის თითქმის შეუძლებლად ითვლებოდა. მე მომეცა შესაძლებლობა, ილინოისის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე მასკის პროგრამის სტიპენდიანტის სტატუსით მესწავლა - ეს პროგრამა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერაა დაფინანსებული”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, ამ გამოცდილებამ სრულად შეცვალა მისი ცხოვრება და დღემდე აგრძელებს მის მოტივირებას, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის უფრო მჭიდრო კონტაქტები დაამყაროს.

”მე აღფრთოვანებული ვარ, რომ თქვენ ხართ აქ, რათა განიხილოთ მნიშვნელოვანი რეგიონალური გეოპოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების საკითხები. ჩემი გადმოსახედიდან, ფორუმის ჩატარებისათვის იდეალური დროა შერჩეული, რადგან გასულ თვეში ჩვენ აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავი. ჩვენმა პატარა ერმა მოახერხა სიღარიბის დაძლევა, გამოიარა სამოქალაქო ომი, რუსეთის თავდასხმა და ჩვენზე ბევრად დიდი მეზობლის მიერ განხორციელებული ნაწილობრივი ოკუპაცია. ჩვენ შევქმენით თანამედროვე, დინამიური, დემოკრატიული სახელმწიფო. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი სამუშაოა ჩასატარებელი, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ საქართველო ვაქციოთ შესანიშნავ ქვეყნად და სამაგალითო ინსტიტუციური დემოკრატია შევქმნათ”, - აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ ეს ყველაფერი საქართველოს მარტოს არ გაუკეთებია.

”მეგობრები და მოკავშირეები დაგვეხმარნენ იმ პოზიციის მოპოვებაში, რომელიც ახლა გვიჭირავს. პირველ რიგში, აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ სრულად ვიაზრებთ ამ ვალს და ჩვენ მზად ვართ, პირნათლად შევასრულოთ ჩვენი ვალდებულება ამ გარიგების ფარგლებში - საერთო ღირებულებების შენარჩუნების კუთხით. ჩვენი ერის წარმატება სამ სვეტზე დგას. ესენია: ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება და დემოკრატია. ისინი ურთიერთდაკავშირებულნი არიან”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.