პეკინში, შესაძლოა, iPhone 6-ის გაყიდვა აიკრძალოს

პეკინის ინტელექტუალური საკუთრების ორგანომ, ამერიკული კომპანია Apple-ის ახალი სმარტფონების iPhone 6 და 6 Plus აკრძალვა მოითხოვა, ამის მიზეზად კი მათი ჩინურ ტელეფონებთან „100C-სთან“ მსგავსება დაასახელა.

თავად Apple-მა ქვეყნის ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი გაასაჩივრა.

„ჩვენ ადმინისტრაციული წესით მივმართეთ რეგიონულ საპატენტო სასამართლოს პეკინში გასულ თვეს, შედეგად ეს აკრძალვის პროცესი შეჩერებულია, სანამ საბოლოო განაჩენს არ გამოიტანს „ინტელექტუალური საკუთრების სასამართლო“. IPhone 6 და iPhone 6 Plus, ასევე iPhone 6S, iPhone 6s Plus და iPhone SE მოდელები დღეს ჩინეთში ხელმისაწვდომია“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ პარასკევს გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

ამასთან, გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, უკვე პარასკევს ქალაქის მასშტაბით მოქმედმა რამდენიმე მაღაზიამ შეწყვიტა ზემოთხსენებული მოდელების გაყიდვა. ისინი ახალი სმარტფონების მოლოდინში არიან, რომლებიც ბაზარზე სექტემბრიდან გამოჩნდება.

ცნობისათვის, ჩინეთმა ჯერ კიდევ აპრილში აკრძალა Apple-ის iBooks და iTunes ფილმების სერვისი, ამის მიზეზად რეგულატორებმა შესაბამისი ლიცენზიების არქონა დაასახელეს.

ამერიკის შემდეგ უმსხვილეს ჩინეთის ბაზარზე iPhone-ის პრობლემებს უკვალოდ არ ჩაუვლია. კომპანიის შემოსავლები ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად დაეცა. Apple-ის ვარდნა სავაჭრო ფონდებზე კვლავ გრძელდება, პარასკევს, 17 ივნისს, მისი ღირებულება 1,7%-ით შემცირდა.

ამასთან, ამ მოვლენებმა ინვესტორების გადინება გამოიწვია, მათ უკვე არ აქვთ მილიარდების ინვესტირების სურვილი კომპანიაში, რომლის ღირებულება ბაზარზე დღითიდღე იკლებს.

კოკა კვირკველია