თბილისში დევნილთა მსოფლიო დღე აღინიშნება

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ დღეს დევნილთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) და ლტოლვილთა დანიის საბჭო (DRC).

ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატით გაიმართება და მისი ძირითადი თემა იქნება „დევნილთა საარსებო წყაროები: საჭიროებები და მიგნებები“.

დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ დევნილთა სათემო ორგანიზაციების, დევნილთა სფეროში მომუშავე ეროვნული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები.

მრგვალი მაგიდის ფარგლებში, თემაზე მომუშავე ორგანიზაციები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: დევნილთა ამჟამინდელი მდგომარეობა საქართველოში, მათი საჭიროებები და გზები პრობლემის აღმოსაფხვრელად, მხარეების მაქსიმალური ჩართულობა დევნილთა საარსებო წყაროების გაზრდისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

ამავე დღეს ცენტრ „აფხაზეთის“ ბოლო კვლევის პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც სწორედ პრობლემის შედეგებსა და საჭიროებებს ასახავს.

დევნილთა კვირეულის ფარგლებში, რომელიც 18 ივნისიდან დაიწყო, ფონდ „აფხაზეთის“ მიერ საქართველოს მასშტაბით დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, როგორც დედაქალაქში, ასევე დევნილთა მსხვილ ჩასახლებებში. პირველი ღონისძიება ქალაქ ზუგდიდში გაიმართა და იგი გიგა ოთხოზორიას ხსოვნას მიეძღვნა. ღონისძიებები ასევე ჩატარდება ბათუმსა და თბილისში.