მიხეილ გიორგაძემ გელათის მონასტერი და გეგუთის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ გელათის მონასტერი, გეგუთის სასახლის სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურული სამუშაოები და მის ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური გათხრები დაათვალიერა.

როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აცხადებენ, ამ ეტაპზე გეგუთის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. ასევე, ეწყობა არქეოლოგიური (ვიზიტორთა) ცენტრი და საიტი. ივნისსა და ივლისში ჩატარდება გეგუთის სასახლის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი, რომელიც არქეოლოგიურ სამუშაოებს გულისხმობს, მეორე ეტაპი კი, რომელიც აღმოჩენილი მასალების კვლევას მოიცავს, აგვისტოდან სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. გეგუთის სასახლეზე არქეოლოგიურ სამუშაოებს არქეოლოგი როლანდ ისაკაძე ხელმძღვანელობს. გეგუთის სასახლის კომპლექსთან 2015 წელს შუშის კონსტრუქცია დამონტაჟდა, რომელიც დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, ძეგლი პირვანდელი სახით, პერსპექტივაში აღიქვას. კულტურის სამინისტროს ცნობით, გამოყენებული ტექნოლოგია საქართველოში უნიკალურია. ძეგლზე აგრეთვე დამონტაჟდა გარე განათება.

კულტურის მინისტრმა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გელათის მონასტრის ღმრთისმშობლის მიძინების ტაძარიც დაათვალიერს, სადაც უკვე რამდენიმე წელია, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ღვთისმშობლის შობის ტაძრის გუმბათზე დაზიანებული სარკმლის ალთები შეიცვალა. მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს გუმბათის ყელის ქვის კონსერვაციის სამუშაოები, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით კი მთავარი ტაძრის გუმბათი მოჭიქული კრამიტით გადაიხურება.