ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ვიზიტით როტერდამში იმყოფება

როტერდამში ევროკომისიისა და ნიდერლანდების სამეფოს ერთობლივი ორგანიზებით „ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელების დღეები“ (TEN-T Days 2016) გაიმართა.

როგორც  ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ღონისძიების ფარგლებში შედგა მინისტერიალი „სატრანსპორტო თანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებთან“ და ასევე შეხვედრა ევროკავშირს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის.

აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის ქვეყნების, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, ფინანსური ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები.

საქართველოს მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი.

თავის გამოსვლაში ხუციშვილმა ხაზი გაუსვა საქართველოს ტრანსევროპულ სატრანსპორტო მაგისტრალთან შეერთების მნიშვნელობას, ისაუბრა სატრანსპორტო ინფრასტუქტურულ პროექტებთან ერთად ტრანსპორტის სფეროში საკანონმდებლო ჰარმონიზაციის, უსაფრთხოების და უშიშროების საკითხებზე.

დავით ხუციშვილმა ასევე ისაუბრა დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვის მნიშვნელობაზე ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის გაფართოების მიზნით.

ღონისძიების ფარგლებში ქართულმა მხარემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროკომისიის წარმომადგენლებთან - ტრანსპორტის ევროკომისრის ვილოლეტა ბულცის კაბინეტის უფროსთან მატეჟ ზაკონჟეკსთან და მობილურობისა და ტრანსპორტის გენერალურ დირექტორთან ჰენრიკ ჰოლოლეისთან.

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა მთავრობათაშორის შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და ბოსნია/ჰერცეგოვინას მინისტრთა საბჭოს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ. აღნიშნული შეთანხმების მიზანია ორ ქვეყანას შორის სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების მოცულობების გაზრდა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მხარეებს შორის საავტომობილო გადაყვანა/გადაზიდვასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების დარეგულირებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და ბოსნია/ჰერცეგოვინას გადამზიდველებს თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში.