EBRD-მა 107 მლნ ლარის პირველი საჯარო ობლიგაცია გამოუშვა, რომელიც საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 17 ივნისს 107 მილიონი ლარის ოდენობით პირველი საჯარო ობლიგაცია გამოუშვა, რომელიც საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსდება , - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ და ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონალურმა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ დღეს გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

პიონერული გამოშვება ხუთწლიანია და ცვლად პროცენტიანი კუპონი გააჩნია, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის სამთვიანი სადეპოზიტო სერტიფიკატის განაკვეთთან. მისი საწყისი კუპონი 6.45 პროცენტია, სადეპოზიტო სერთიფიკატის ბოლო აუქციონიდან შემდგომი სამი თვის განმავლობაში. საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ევრობანკისთვის ეს ლარით დენომინირებული ობლიგაციების მესამე წარმატებული გამოშვებაა საქართველოში. პროცესს წარმართავს სს „გალთ & თაგართი“. აუქციონის შემდეგ მიღებული განაცხადის საფუძველზე ობლიგაციის განთავსება საქართველოს საფონდო ბირჟაზე მოხდება. როგორც ეროვნულ ბაკში აცხადებენ, 2014 წლის მარტში ადგილობრივ ბაზარზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ ლარით დენომინირებული ობლიგაციების პირველი, კერძო, საინაუგურაციო განთავსების შემდეგ, ევრობანკი მარეგულირებლებთან და განსაკუთრებით, საქართველოს ეროვნულ ბანკთან, მუშაობდა მარეგულირებელ სისტემაში ისეთი ცვლილებების შემოღებაზე, რაც მნიშვნელობით სცილდება ეროვნული სტრუქტურის მოთხოვნებს და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მახასიათებლებს აღიარებს. შედეგად, ადგილობრივ ბაზარზე უზრუნველყოფილი იქნება საჯარო შეთავაზების ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება, მათ შორის საქართველოს საფონდო ბირჟაზე ობლიგაციების განთავსებისთვის.

„ჩვენ მივესალმებით საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარებაში ამ ახალ საეტაპო მოვლენას, როდესაც ევრობანკი წარმატებით განათავსებს ლარში ნომინირებულ, პირველ საჯარო გამოშვებას. ეს მოვლენა ცხადყოფს, რამდენად დიდია ნდობა ქართული ლარისა და ადგილობრივი დარგობრივი პოლიტიკისადმი. ლარით ობლიგაციების ემისია ადგილობრივ ბაზარზე მაღალი ნდობის დასტურია ლარისა და ადგილობრივი ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ. ის ფაქტი, რომ ქვეყანაში არსებობს მცურავი გაცვლითი კურსი, ზრდის ნდობას ეროვნული ვალუტის მიმართ და შესაბამისად, ინტერესს ინვესტორების, მათ შორის არარეზიდენტი ინვესტორების მხრიდან. ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ ლარით დენომინირებულ ფასიანი ქაღალდებზე გაზრდილ მოთხოვნას, რაც საპროცენტო განაკვეთებზეც ახდენს გავლენას. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში იყო ჩართული, როგორც EBRD-ის, ისე საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის მხრიდან“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.

„გალთ & თაგართის“ საზედამხედველო საბჭოს თავმჯდომარემ და „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ არჩილ გაჩეჩილაძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ეს არამხოლოდ პირველი საჯარო განთავსებაა საერთაშორისო ემიტენტის მხრიდან ადგილობრივ ბაზარზე, არამედ ეს დღემდე ყველაზე გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდია, 5 წლიანი ვადიანობით.

„მსიამოვნებს „გალთ & თაგართის“ როლი ამ საეტაპო ოპერაციაში. „გალთ & თაგართს“ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და ემიტენტი კომპანიები უკვე უპირატესობას ანიჭებენ ობლიგაციების განთავსებისა და დაზღვევის შემთხვევაში. ეს დასტურდება ევრობანკთან ჩვენი პარტნიორობით. საქართველოში ფასიანი ქაღალდების გამოშვების სამივე შემთხვევაში ვთანამშრომლობთ ბანკთან“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მრავალი წლის განმავლობაში ევრობანკი ცდილობს უცხოურ კაპიტალსა და უცხოური ვალუტით საკრედიტო რესურსზე ჭარბი დამოკიდებულების პრობლემის გადაწყვეტას განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. ამას ახორციელებს ადგილობრივი ვალუტით დაკრედიტების წახალისებით და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების განვითარებით ან გაძლიერებით. საქართველოს ეროვნული ბანკის შეფასებით, ახალი ობლიგაციების გამოშვება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის განვითარებისკენ, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ევრობანკს 2009 წლის დეკემბრიდან ადგილობრივი ვალუტით დაკრედიტების პროგრამაც გააჩნია საქართველოში, რომლის დაწინაურებაც მოხდება ამ ინიციატივით.

ევრობანკის მიერ ლარით დენომინირებული ობლიგაციების სამივე გამოშვებიდან მიღებული შემოსავალი მიემართება მისი ძირითადი პროექტების დასაფინანსებლად. ევრობანკს ლარით დენომინირებული 16 კრედიტი აქვს გაცემული, ჯამში დაახლოებით 380 მილიონი ლარის ოდენობით, რაც მცირე ბიზნესის, ენერგო ეფექტურობის და ქალი მეწარმეების დახმარებას ისახავს მიზნად.

ცნობისთვის, ევრობანკი საქართველოში მოწინავე ინსტიტუციური ინვესტორია. ქვეყანაში საქმიანობის დაწყების დღიდან, ბანკს ჯამში ინვესტირებული აქვს 2.7 მილიარდი ევრო 195 პროექტის ფარგლებში, რაც შემდეგ სფეროებს მოიცავს: ფინანსური შუამავლობა, კორპორატიული სექტორი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა. ევრობანკის კაპიტალდაბანდების 90 პროცენტი კერძო სექტორშია განხორციელებული. ეკონომიკური გამძლეობის გამყარება, ინტეგრაციის სტიმულირება, გლობალური და რეგიონული გამოწვევების მოგვარება, ევრობანკის ძირითადი პრიორიტეტებია, რაც დეტალურადაა გაწერილი 2016-18 წლებისთვის შემოშავებულ ევრობანკის სტრატეგიული განხორციელების გეგმაში.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე