I კვარტალში მშპ-ს მაჩვენებელმა 7 მილიარდ 351,0 მლნ ლარი შეადგინა

2016 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 7 მილიარდ 351,0 მლნ. ლარი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა წლის შესაბამისი კვარტალის მიმართ მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2,6 პროცენტის დონეზე დაფიქსირდა, ხოლო დეფლატორი გაიზარდა 4,0 პროცენტით.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15,9 პროცენტი) და მრეწველობა (15,7 პროცენტი). შემდგომ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (11,6 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, მეთევზეობა (9,7 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (8,8 პროცენტი), მშენებლობა (7,8 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (6,2 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,0 პროცენტი).

ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: სამთომოპოვებითი მრეწველობა (29,0 პროცენტი), მშენებლობა (25,7 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (11,7 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (9,4 პროცენტი), საფინანსო საქმიანობა (8,4 პროცენტი), განათლება (2,7 პროცენტი).

კლება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილებაში (-3.1 პროცენტი), კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევაში (-1,7 პროცენტი) და ტრანსპორტში (-1,1 პროცენტი). 2016 წლის I კვარტალში მშენებლობის სფეროში შექმნილი მთლიანი დამატებული ღირებულების რეალური ზრდა განპირობებულია სახელმწიფო ინფრასქტრუქტურული პროექტებისა და ახალი გაზსადენის მშენებლობით.

”მთლიანი შიდა პროდუქტის გაანგარიშება კვარტალების მიხედვით ხორციელდება ყოველთვიური და ყოველკვარტალური მონაცემების საფუძველზე. შესაბამისად, აუცილებელი ხდება მთლიანი შიდა პროდუქტის წლიური დაზუსტება წლიური მონაცემების გათვალისწინებით. წლიური მონაცემები, როგორც წესი, განსხვავდება კვარტალური მონაცემებისაგან. გასული წლის წლიური მონაცემების მიღებასთან ერთად, ხელახლა ითვლება მიმდინარე წლის კვარტალური მონაცემებიც. მაგალითად, 2016 წლის პირველი და მეორე კვარტალების მონაცემები თავდაპირველად იანგარიშება 2015 წლის წინასწარი მონაცემების საფუძველზე. 2016 წლის ნოემბერში, 2015 წლის წლიური მონაცემების დაზუსტებასთან და 2015 წლის კვარტალური მონაცემების ცვლილებასთან ერთად შეიცვლება 2016 წლის პირველი და მეორე კვარტალების მონაცემებიც. გარდა ამისა, 2017 წლის ნოემბერში 2016 წლის წლიური მონაცემების მიღების შემდეგ საბოლოოდ დაზუსტდება 2016 წლის კვარტალური და წლიური მაჩვენებლები”, - აცხადებენ საქსტატში.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე