ბათუმში ჭაჭის კოშკი მიმდინარე სეზონზე ამოქმედდება

ჭაჭის კოშკი ბათუმში მიმდინარე სეზონზე გაიხსნება. მასში 30 ათას ლარიანი ინვესტიციის განხორციელებას ადგილობრივი, ჭაჭის მწარმოებელი კომპანია "ზეარისი" აპირებს. ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის, გადაეცემა თუ არა მას სამართავად აღნიშნული ობიექტი, თუმცა როგორც ბათუმის მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე თევზაძე "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებს, კომპანიის მიერ შემოთავაზებული კონცეპტუალური ხედვა უკვე მოწონებულია.

ალექსანდრე თევზაძის ინფორმაციით, ხელშეკრულება "ზეარისთან" მერიის მიერ დადებითი პასუხის მიღების შემთხვევაში გაფორმდება.

"სააგენტოში კომპანია "ზეარისისგან" შემოვიდა წინადადება. ჭაჭის კოშკთან დაკავშირებული მათი კონცეპტუალური ხედვა ჩვენ დადებითად შევაფასეთ. დღეს უკვე მივმართავ ბათუმის მერიას და ისინი განიხილავენ აღნიშნულ საკითხს. პარალელურად, ვანდალური ფაქტით დაზიანებული დეტალების აღდგენის მიზნით, ობიექტზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს", - აღნიშნავს ალექსანდრე თევზაძე.

მისივე განმარტებით, კომპანიისთვის ჭაჭის კოშკში ინვესტიციის განხორციელება არ არის ფინანსურ მოგებაზე გათვლილი და ამ ეტაპზე მხოლოდ საიმიჯო დატვირთვის მატარებელია.

"'ზეარისი ახლად შექმნილი ადგილობრივი კომპანიაა, მისი დამფუძნებლები ბრენდის წარმოჩენის მიზნით აპირებენ ამ პროექტში თანხის ჩადებას. კომპანიას ჭაჭის კოშკი დროებით გადაეცემა და ჩვენ დავაკვირდებით მათ მიერ განხორციელებული სამუშაოების შედეგს", - აცხადებს ბათუმის მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, ტურისტებისათვის ადგილზე განთავსდება უფასო სადეგუსტაციო არეალი. დეტალები იმის შესახებ, თუ როგორ მოხდება ობიექტის განკარგვა კი მერიისგან მიღებული პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე