კახეთში ხორბლის აღება დაიწყო

კახეთის რეგიონში ხორბლის აღება დაიწყო. როგორც  სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, მიმდინარე წელს თავთავიანი კულტურების კარგი მოსავალია. გასულ წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია თავთავიანი კულტურების ნათესი ფართობები. საქართველოს მასშტაბით ხორბლის ნათესი ფართობები 80 000 ჰა-ზე მეტს, ხოლო ქერის 40 000 ჰა-ზე მეტს შეადგენს.

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ წნორში ხორბლის აღების პროცესს დაესწრო და ფერმერებს შეხვდა.

,,ალოობა ტრადიციულად კახეთიდან იწყება. უამინდობის გამო ხორბლის აღება ცოტა გვიან დაიწყო, მაგრამ ყველა სამსახური აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ მოსავლის აღება და დაბინავება შეუფერხებლად მოხდეს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მარცვლეული კულტურების წარმოების ხელშეწყობის არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას ახორციელებს, მათ შორის ჯიშთა გამოცდის მიმართულებთ და უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული შედეგები უკვე სახეზეა. გასულ წლებთან შედარებით, წელს თითქმის გაორმაგებულია როგორც ნათესი ფართობები, ისე მოსავლიანობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სასურსათო უსაფრთხოების მიმართულებით ადგილობრივი წარმოების ხორბლის მაქსიმალურად მაღალი კოეფიციენტი გვქონდეს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მოსავლის შეუფერხებლად აღებისთვის პროცესში აქტიურად არის ჩართული შპს ,,მექანიზატორის“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. თავთავიანი კულტურების მოსავლის აღებისთვის კახეთის რეგიონში 60, საქართველოს მასშტაბით კი - 86 ერთეული შპს ,,მექანიზატორის“ კომბაინია მობილიზებული. სამუშაოებში ჩართულია კერძო სექტორში არსებული ტექნიკაც.

ხორბლის აღების პროცესს კახეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე გივი მეტრეველი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები - დავით გალეგაშვილი და იური ნოზაძე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე