აჭარის ტურისტული პოტენციალი უცხოური მედიის ყურადღების ცენტრშია

აჭარის ტურისტული პოტენციალი და გასტრონომია უცხოური მედიის ყურადღების ცენტრშია. როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, რეგიონის ტურისტულ პროდუქტებსა და არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას სამიზნე ქვეყნების პოპულარული ტელევიზიები სპეციალურ გადაცემებს უძღვნიან. დღეს, რეგიონს თურქეთში რეიტინგული ტელეარხის IZ TV გადამღები ჯგუფი სტუმრობს, რომლის წამყვანიც აჭარის მაღალმთიანეთში მოგზაურობს და აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ გადაცემას ამზადებს.

მათივე ინფორმაციით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონს 10 სამიზნე ქვეყნიდან (თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, პოლონეთი, ყაზახეთი, ბელორუსი, ისრაელი, ლატვია, უკრაინა, რუსეთი) 90-ზე მეტი ჟურნალისტი სტუმრობდა, მათ შორის Моя планета- ს, ПЯТНИЦА- ს, CNN Turki-ს, ATV - ს, TV3-ს, Travel Channel, Channel 10 და Good Life Channel-ის გადამღები ჯგუფები, რომლებიც აჭარაში მოგზაურობისა და სამზარეულოს შესახებ სარეკლამო გადაცემებს ამზადებენ ისრაელში, პოლონეთში, ლიტვაში, თურქეთში, სომხეთსა და რუსეთში.

დეპარტამენტის ცნობით, გადაცემები, სადაც წამყვანები მილიონობით მაყურებელს რეგიონში დასვენებისკენ მოუწოდებენ და თავიანთ შთაბეჭდილებებს უზიარებენ ეთერში ივნისსა და ივლისის დასაწყისში გავა. თუმცა რეგიონის მრავალფეროვანი კერძების დაგემოვნებისკენ მაყურებელს უკვე მოუწოდა Моя планета- ს წამყვანმა ანტონ ზაიცევმა, რომელმაც აჭარაში გადამღებ ჯგუფთან ერთად მარტში იმოგზაურა. ( https://goo.gl/HTQCiJ)

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით დეპარტამენტი 16 პრესტურის ორგანიზებას გეგმავს. მედიატურების ფარგლებში წლის ბოლომდე აჭარას 125 ჟურნალისტი ესტუმრება, რაც სამიზნე ქვეყნების წამყვან მედიასაშუალებებში რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ სარეკლამო სტატიების, ბლოგებისა და ტელე-რადიო გადაცემების მომზადებას ითვალისწინებს.

„წელს, სამიზნე ქვეყნებიდან რეგიონში პრესტურების ორგანიზებისას აქცენტს პოპულარული ტელეარხების გადამღები ჯგუფების მოწვევაზე ვაკეთებთ. ამ გადაცემებს მილიონობით მაყურებელი ჰყავს, რომელთა გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენას თუ სად გაატარონ ზაფხული, მსგავსი ტიპის სამოგზაურო გადაცემებიც ახდენს. ტელეწამყვანები, აჭარაში მოგზაურობისას მაყურებლებს თავიანთ შთაბეჭდილებებს უზიარებენ და რეგიონში დასვენებისკენ მოუწოდებენ. მთლიანობაში 2016 წელს დეპარტამენტი 30-მდე პრესტურს გაუწევს ორგანიზებას, რომლის ფარგლებშიც რეგიონის შესახებ გადაცემებს, ტელე-რადიო სიუჟეტებს და სტატიებს 200-მდე ჟურნალისტი მოამზადებს“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, მამუკა ბერძენიშვილმა.

როგორც აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში აცხადებენ, გარდა აჭარაში მოწვეული ჟურნალისტებისა, ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი სამიზნე აუდიტორიას „აჭარის დღეების“ ფარგლებში ხუთი სამიზნე ქვეყნის დედაქალაქში (მინსკი, ვარშავა, ასტანა, ვილნიუსი, თელ-ავივი) გააცნო. რეგიონისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე, რომელსაც მედიის, ტურისტული სააგენტოებისა და დიპლომატიური კორპუსის 450-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა პოპულარიზაცია გაეწია საქართველოს მდიდარ არამატერილურ კულტურას, სამზარეულოსა და ღვინოს, რასაც ჟურნალისტების მიერ სოციალურ მედიასა და ტელესივრცეში სტატიებით, ბლოგებითა და ტელე-რადიო სიუჟეტებით გამოხმაურება მოჰყვა. წლის ბოლომდე რეგიონის პოპულარიზაციას სამიზნე აუდიტორიისთვის დეპარტამენტი დამატებით ხუთ სამიზნე ქვეყანაში გეგმავს.