გიორგი ჭირაქაძე - მთავარია, ჩვენ ყველას გვაქვს სურვილი, რომ ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი და ეკონომიკა გაიზარდოს

საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ კონფერენციას „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო“ ღირებული შეხვედრა უწოდა.

როგორც გიორგი ჭირაქაძემ აღნიშნა, გუშინდელ კონფერენციაზე გაჟღერდა აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრებები ექსპერტების, ბიზნესისა და ხელისუფლების მხრიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ დავინახეთ, რომ არის ბევრი საკითხი, რომელზეც ვთანხმდებით და გვაქვს საერთო მოსაზრებები, თუმცა არის ისეთებიც, სადაც ჩვენგან განსხვავებული მოსაზრებებია. მთავარია, ჩვენ ყველას გვაქვს სურვილი, რომ ჩვენს ქვეყანაში ბიზნესი და ეკონომიკა გაიზარდოს. ამაზე ჩვენ დიდი აქცენტი გავაკეთეთ, როგორც ბიზნესასოციაციამ“, - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ისეთ თემებზე, როგორიცაა მოგების გადასახადის გაუქმება. ჭირაქაძემ სწორი გადაწყვეტილება უწოდა იმას, რომ აღნიშნული ცვლილებები 2017 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. მან აღნიშნულ კანონს მნიშვნელოვანი უწოდა. გარდა ამისა, გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საფონდო ბირჟას, საპენსიო რეფორმას და ბევრ სხვადასხვა საკითხს, რომელზეც მათ დეტალური ინფორმაცია უშუალოდ ვიცე-პრემიერისგან მიიღეს.

„ჩემი აზრით, ღირებული შეხვედრა იყო. ასეთი კონფერენციები აუცილებელია. ჩვენ შევძელით, რომ ბევრ პრობლემატურ, მნიშვნელოვან, განსხვავებულ თემაზე გვესაუბრა, გაგვეგო მოსაზრებები“, - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ. მისივე თქმით, არის სურვილი, რომ მსგავსი შეხვედრები გაგრძელდეს.

„ჩვენი ბიზნესასოციაციის ჩართულობა აბსოლუტურად არ უკავშირდება რაიმე პოლიტიკურ თემას. ჩვენ ყოველთვის ვიყავით აპოლიტიკურები, თუმცა გვესმის, რომ არჩევნებმა, პოლიტიკამ ჩვენი ქვეყანა არ უნდა გადაიყოლოს. მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება, რომ ყველანი ამაზე ვიყოთ ორიენტირებულები იმის მიუხედავად, არის არჩევნები თუ არა“, - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.

კონფერნეციას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ექსპერტები, ბიზნესმენები და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.