GOGOWINE - როგორ გახდა 27 წლის პიარმენეჯერი წარმატებული მეღვინე

ქეთი ბერიშვილი 27 წლის მეღვინეა. მისი ოჯახი წლებია, მეღვინეობით არის დაკავებული. თავად ქეთი კი ამ სფეროში ერთი წელია, რაც აქტიურად ჩაერთო. გასულ სეზონზე საკუთარი ვენახებიდან პირველი მოსავალიც მიიღო. უჟანგავ ფოლადში, ერთად დადუღებული საფერავი და რქაწითელი უკვე ბრენდირებულია. GOGOWINE ორგანული ღვინის მაღაზიებში იყიდება. როგორც თავად ამბობს, ქართულ ბაზარზე დამკვიდრების პირველი მცდელობა დამწყები მეღვინესთვის წარმატებული აღმოჩნდა.

ქეთი პროფესიით პიარმენეჯერია. "ჯიპაში" მაგისტრატურა საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით გაიარა. სამსახური და საბანკო სფეროში საკმაოდ წარმატებული კარიერა ერთი წლის წინ დატოვა და თელავის რაიონ სოფელ ართანაში მამის მიერ დაწყებული საქმის გასაგრძელებლად გადავიდა. ქეთის კონკრეტული მიზანი - ორგანული ღვინის წარმოება და ამ კუთხით ოჯახურ საქმიანობაში ახალი მიმართულების დანერგვა ჰქონდა. ყურძნის დაკრეფიდან ღვინის ბრენდირებულ წარმოებამდე ყველა გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. მცდელობამ გაამართლა. პირველი ნაბიჯები მეღვინეობის სფეროში უკვე გადადგმულია. მეღვინე გოგოს მომავალში დიდი გეგმები აქვს და ახალი გამოწვევებისთვის ემზადება.

ახალგაზრდა მეღვინე გოგოს მიერ წარმოებული ღვინო სპეციალურ მაღაზიებში იყიდება. ქეთი ბერიშვილმა შემოთავაზებები ამერიკიდან და დანიიდანაც მიიღო. ქეთის გადაწყვეტილებით, შემდეგი წლიდან GOGOWINE საქართველოს საზღვრებს გასცდება.

,,თავდაპირველად, რა თქმა უნდა, მცირე რაოდენობას გავიტან ექსპორტზე. პირველ რიგში, ადგილობრივი ბაზარია ჩემთვის მნიშვნელოვანი. ჩვენ მხოლოდ ორგანულ ღვინოს ვაწარმოებთ და საკმაოდ მცირე რაოდენობით, თუმცა, ამ სახის პროდუქცია მომხმარებელს განსაკუთრებით მოსწონს. როგორც კი ბოთლებში ჩამოვასხი ღვინო, იტალიაში გამოფენაზეც წარვადგინე. იქაც კარგი გამოხმაურება ჰქონდა. მუშაობას ვაგრძელებ და ვფიქრობ, მომავალში კიდევ უფრო ბევრს ვისწავლი ღვინის ტექნოლოგიაში“, - ამბობს ქეთი ბერიშვილი.

რამდენიმე დღის წინ ართანაში ქეთიმ ახალი ვენახი შეიძინა. ახლა მის საკუთრებაში 3 ჰექტარზე გაშენებული რქაწითელი და საფერავია. ამ ვენახიდან მოკრეფილი ყურძნის დაწურვას არ აპირებს. როგორც თავად ამბობს, მომავალი წლიდან მხოლოდ ორგანული პრეპარატებით მოუვლის და წარმოების გაზრდაც ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

ქეთის მეღვინეობის სფეროში ჩართვამ ყველაზე მეტად მამა გაახარა. ახალი საქმიანობით ქეთიც კმაყოფილია. ამბობს, რომ 27 წლის ასაკში საკუთარი თავი იპოვა.

,,ცხოვრების ამ ეტაპზე ვთვლი, რომ იმ სფეროს მივაგენი, რაც მაინტერესებს. ყველაზე დიდ სიამოვნებას აქ ყოფნა მანიჭებს. ერთი წლის წინ ძალიან ცოტა რამ მესმოდა ამ სფეროში. მას შემდეგ, რაც თავად ავიღე პასუხისმგებლობა, ბევრი რამ გავიგე. შარშანდელმა რთველმა და ამ პრაქტიკამ დიდი გამოცდილება მომცა“, - ამბობს ახალგაზრდა მეღვინე.

მისი თქმით, მეღვინეობა არის სფერო, რომელშიც ქალს მამაკაცის მსგავსად შეუძლია იყოს წარმატებული. ქეთის აზრით, რთველში დახმარება ყველას ერთნაირად სჭირდება, მთავარი კი მაინც, ღვინის დაწურვის, მისი მოვლისა და შენახვის ტექნოლოგიაა.

ქრისტინე გამთენაძე

წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე Georgian Journal-ზე