ლარს ისევ განგებ აუფასურებენ!

მონეტარული პოლიტიკის შერბილებას, ბრუნვაში ლარის მასის ზრდას და სავალუტო ინტერვენციების შედეგად ბაზრიდან 260 მლნ-მდე დოლარის ამოღებას ეროვნული ვალუტის გაუფასურება მოჰყვა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ძლივს გამყარებული ლარი მეორე კვარტალსაც ვარდნით არსულებს. სპეციალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ეროვნულ ბანკს ზედმეტი მოუვიდა და თავისი არასწორი ქმედებით ლარის მორიგ ვარდნას შეუწყო ხელი.

მართალია, ორგანული კანონით სებ-ი პასუხისმგებელი მხოლოდ ინფლაციაზეა, თუმცა ყველა ინფორმაცია კურსის ფორმირებასთან დაკავშირებით და ასევე მოკლევადიან პერიოდში კურსის სტაბილურობის მონეტარული ბერკეტი მხოლოდ ეროვნულ ბანკს აქვს. შესაბამისად, როდესაც საზოგადოება ლარის ვარდნაზე პასუხს სებ-ისგან ითხოვს, პასუხიც მისგან უნდა მიიღოს.

მონეტარული პოლიტიკის 7%-მდე შერბილების შემდეგ, ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ პარასკევს ერთბაშად 4 პუნქტით, 2,13-დან 2,17-მდე გაუფასრუდა. დღეიდან კი ერთი დოლარი უკვე 2,1805 ლარი ღირს.

მონეტარული პოლიტიკის შერბილებამდე ეროვნულმა სავალუტო ბაზარს 258 350 000 დოლარი გამოაცალა. მანამდე სებ-მა მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის მასა გაზარდა, სავალუტო აქუციონის შედეგად ბაზარს დამატებითი ლარი მიაწოდა. აღნიშნული ნაბიჯები კი ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მიზეზი გახდა.

საგულისხმოა კიდევ ერთი მომენტი, მარტში, პირველი კვარტალის მიწურულს ეროვნული ვალუტა რამდენიმე პუნქტით დაეცა. ახლა მეორე კვარტალი იწურება და ლარი ისევ უფასურდება. ეს, ერთი მხრივ, მიანიშნებს იმაზე, რომ ამ პერიოდში ფინანსურ სექტორს უცხოურ ვალუტაში ვალდებულებების გასტუმრების პერიოდი უდგას და დიდი ოდენობით დოლარის შესყიდვას ახორციელებს. მესამე კვარტალის ბოლო კი სექტემბერში, უშუალოდ არჩევნების წინ უწევს. წესით, სებმა ამასაც უნდა მიაქციოს ყურადღება, მაგრამ რატომღაც ასე არ ხდება.

სწორად მოიქცა თუ არა ეროვნული ბანკი, როდესაც მონეტარული პოლიტიკა შეარბილა, როდესაც ლარის გამყარების შესაჩერებლად ბაზრიდან დიდი რაოდენობით დოლარი ამოიღო და მიმოქცევაში ლარის მასა გაზარდა? ამასთან დაკავშირებით საბანკო სფეროს სპეციალისტთა აზრი განსხვავებულია. ნაწილი მიიჩნევს, რომ სებ-მა შეცდომები დაუშვა და ლარის გამყარების პროცესისთვის ხელი არ უნდა შეეშალა. ზოგიერთები კი სებ-ის ქმედებას ამართლებენ, ლარის კურსის ვარდნის მთავარ მიზეზად კი ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას უკავშირებენ.

ეკონომისტ დავით ასლანიშვილის თქმით, სებ-მა მარტის დასაწყისში ლარის მასა 5,4 მლრდ-მდე შეამცირა ბაზარზე, ანუ საქართველოს ფულადი აგრეგატები დაჯდა იმავე ნიშნულზე, რაზეც იყო 2013 წლის ბოლოს: "თუმცა ერთი სხვაობით, 2013 წელს კურსი იყო 1,70-ზე, ხოლო ამ პერიოდში ერთი დოლარი ღირდა 2,4 ლარი. ამ პერიოდში ლარმა დაიწყო გამყარება და დაიძრა ძველი ნიშნულისკენ, თუმცა არა იმ ტემპით და ინტენსიურობით, რომ ძველი ნიშნულისთვის მიეღწია. ეროვნული ბანკი რომ არ ჩარეულიყო პროცესებში, დღეს დიდი ალბათობით, 1 დოლარი 1,8 ლარის ფარგლებში მაინც უნდა ყოფილიყო", - დასძინა ასლანიშვილმა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკი და მთავრობა თვლიან, რომ კრიზისი გადალახულია და ბაზარს დამატებითი ლარი მიაწოდეს, 16 ივნისიდან კი რეფინანსირების სესხებზე დაწესებული შეზღუდვა მოხსნეს:

"ამ ყველაფერმა კი, ცხადია, რომ ლარის კურსზე იმოქმედა და დაიწყო გაუფასურება. ახლა ბაზარზე ლარის მასა არის იმდენი, რამდენიც იყო პიკურ მაჩვენებელზე, დაახლოებით 6 მლრდ-მდე. ახლა უბრალოდ ხელს გვიწყობს ის ფაქტორი, რომ არის ზაფხული, მიმდინარეობს მსოფლიო ბაზარზე დოლარის პოზიციების გარკვეული დასუსტება და ლარი მკვეთრად არ ეცემა. სხვა შემთხვევაში, ასეთ პირობებში ეროვნული ვალუტა უფრო მეტად დასუსტებული იქნებოდა.

თუკი ზაფხულში ისევ გაგრძელდა ლარის მასის ზრდა, ოქტომბერს თუ არ დავახვედრეთ ადეკვატურად გატარებული ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ეკონომიკაში კარდინალური ცვლილებები, არ არის გამორიცხული, შემოდგომაზე ლარი კიდევ უფრო გაუფასურდეს. საყურადღებოა ისიც, რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ლარის კურსი დოლარის მიმართ დაფიქსირებულია 2,4-ზე", - დასძინა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას დავით ასლანიშვილმა, რომელიც ხაზს უსვამს, რომ დღეს სავალუტო კურსთან დაკავშრებით არათანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებს მთავრობაც და ეროვნული ბანკიც:

"თუკი ვაძლევთ ნებას და ხელოვნურად ვასტიმულირებთ ლარის კურსის დაცემას, მაშინ იბადება კითხვა, რატომ ვუშლით ხელს მის გამყარებას? გამოდის, რომ ლარის დასუსტება შედის როგორც სებ-ის, ასევე მთავრობის ინტერესებში", - აღნიშნავს ეკონომისტი.

ეროვნული ვალუტის ერთბაშად გაუფასურებას მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს და ეკონომიკურ პროცესებს არ უკავშირებს საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა. მისი თქმით, ლარის გაუფასურება ან პირიქით გამყარება, ქვეყანაში კაპიტალის შემოსვლა-გასვლასთანაა დაკავშირებული.

"ეროვნული ბანკის ერთადერთი საზრუნავია ინფლაციის მაჩვენებელი და რაც კი კეთდებოდა, კეთდებოდა იმისთვის, რომ ინფლაცია ნორმის ფარგლებში ყოფილიყო. ახლა ლარის ერთბაშად რამდენიმე პუნქტით გაუფასურება, ალბათ, ისევ უკავშირდება კაპიტალის სასაზღვრო მოძრაობას. ეროვნული ვალუტის მერყეობას სხვა ახსნა ნამდვილად არ აქვს.

ეროვნული ბანკი ხმას არ იღებს, თუ რატომ უფასურდება ლარი. ამიტომ დიდი ალბათობით, ეს ხდება იმიტომ, რომ ფული გავიდა ქვეყნიდან. კომერციულ ბანკებს ფულის გადარიცხვის პრობლემა არ აქვთ, თუ უნდა გადარიცხავენ, თუ უნდა უკან წამოიღებენ. ეს არის მახინჯი სისტემა, რომელიც განაპირობებს ლარის ასეთ მკვეთრ რყევას", - განაცხადა ელიავამ.

სებ-ის მიერ ბაზრიდან ჭარბი დოლარის ამოღებამ რომ ლარის კურსის დაცემაზე იმოქმედა, ახალგაზრა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი შოთა გულბანიც აღიარებს.

"ლარი უფასურდება, მაგრამ არ ისმის განცხადებები, თუ რატომ, რა არის ამის მიზეზი. რეალურად კი ამის მიზეზი თითქოს ქვეყნის ექსპორტის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაა. ამ დროს უამრავ ადგილობრივ ბიზნესმენს აქვს აღებული გრძელვადიანი კრედიტი და ლარის გაუფასურების გამო გაეზარდათ ვალდებულება. ამ ადამიანებისთვის ეროვნული ვალუტის გამყარება ძალიან მნიშვნელოვანია. ვინც კი პოტენციური ექსპორტიორია, აუცილებელია შევუმსუბუქოთ ეს ვალდებულება, რათა მეტი საბრუნავი საშუალება ჰქონდეთ, მეტი პროდუქცია აწარმოონ და ექსპორტიც გაიზარდოს. ასეთ შემთხვევაში ლარის გამყარება უფრო მეტად მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე გაუფასურება.

სებ-ში თვლიან, რომ ბაზრიდან დოლარის ამოღება და ლარის გამყარების პროცესის შეჩერება სწორი იყო. ჩემი აზრით კი, ლარის გამყარება უფრო მეტად პრიორიტეტული იქნებოდა ქვეყნის ეკონომიკისთვის, ვიდრე გაუფასურება", - დასძინა შოთა გულბანმა.

"ახალი ეკონომიკური სკოლის" ხელმძღვანელის პაატა შეშელიძის თქმით კი, მონეტარული პოლიტიკა, მისი განაკვეთების აწევა თუ დაწევა, არის მცდარი მიდგომა. ამიტომ ეს პრაქტიკა საერთოდ უნდა შეწყდეს.

"ერთადერთი, რაც შეიძლება დღეს გამოყენებული იქნეს, არის ღია ბაზარზე ვალუტის ყიდვა-გაყიდვა, ისიც ისეთი წინაპირობით, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ზუსტად როდის ჩაერევა და როდის - არა. საუკეთესო ვარიანტია, თუ ის იქნება ფიქსირებული და ყველასთვის ნათელი.

სხვა შემთხვევაში, გაუგებარია, თუ რა პრინციპით ტარდება სავალუტო აუქციონი, როდის ჩატარდება და როდის - არა. წინასწარ თუ არ ვიცით, ამას შეიძლება ჰქონდეს კორუფციისა და შიდა ინფორმაციის საფუძველზე თანხის გადანაწილების ფორმა. ასეთი ქმედება კი გრძელვადიან პერიოდში ლარის გაუფასურებას აუცილებლად გამოიწვევს. დღესდღეობით ძალიან მარტივია ყველაფერი - ზედმეტი ლარი მიაწოდეს ეკონომიკას, რაც საჭირო არ იყო და შედეგიც სახეზეა. ეს არის შეცდომა!" - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას პაატა შეშელიძემ.

ელზა წიკლაური

გაზეთი "რეზონანსი"