პაატა შეშელიძე - მთავრობის მხრიდან უფრო ტრაბახი ისმოდა, ვიდრე თვითკრიტიკა

მთავრობის მხრიდან უფრო ტრაბახი ისმოდა, ვიდრე თვითკრიტიკა, - ამის შესახებ ეკონომიკურმა ექსპერტმა პაატა შეშელიძემ ჟურნალისტებს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გამართული ფორუმის - „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო“ დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო როგორც მიღწევებზე, ისე იმ პრობლემებზე, რომელიც ბიზნესის წინაშე დგას და რომელიც მოსაგვარებელია.

„რა თქმა უნდა, მთავრობის მხრიდან უფრო ტრაბახი ისმოდა, ვიდრე თვითკრიტიკა, მაგრამ ეს ბუნებრივია. დღეს საარჩევნო სიტუაციაში ვართ და ყველას უნდა საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინოს თავი. რაც ხაზგასასმელი და მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, ისაა, რომ ნებისმიერი ხელისუფლების დროს, წინა ხელისუფლების თუ ამ მთავრობის დროს, როცა ნაბიჯები არის გადადგმული ეკონომიკური თავისუფლებისკენ, იმ მიმართულებით გვაქვს წინსვლა. როცა ლაპარაკია რეგულაციებზე და შეზღუდვებზე, ყოველთვის გვაქვს ჩიხი და საბედნიეროდ, დღეს ამის გააზრება თანდათან მოდის“, - განაცხადა პაატა შეშელიძემ.

ექსპერტის თქმით, რამდენად სწრაფად და ადეკვატურად მოხდება ცვლილებების განხორციელება, ეს უკვე მეორე საკითხია, თუმცა იგი მიიჩნევს, რომ საარჩევნო სიტუაცია ამ პროცესს დააჩქარებს.