აფბა - ხელისუფლება კომერციულ სექტორს ”გაზპრომთან” თანამშრომლობას ვერ შეუზღუდავს

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც რუსულ „გაზპრომსა“ და შპს „გასკო+“-ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხება.

აფბა-ს ანალიტიკოსის განმარტებით, აღნიშნული გარიგება არის ორ კომერციულ სუბიექტს შორის ურთიერთობა, რომელშიც არსებული სამართლებრივი ნორმებისა და შესაბამისი კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო ვერ ჩაერევა.

„ერთი მხრივ, ქართული კანონმდებლობის თანახმად, ბუნებრივი აირის სექტორში ე.წ. ქსელზე მესამე პირის დაშვება არის დერეგულირებული. შესაბამისად, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ან/და განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის საფასურად, მომხმარებელს თავის ქსელში ბუნებრივი აირი გაუტაროს. ხაზგასასმელია, რომ შესაბამისი ნორმატიული აქტების თანახმად, ტრანსპორტირების კომპანია არის ვალდებული და არა უფლებამოსილი.

მეორე მხრივ, ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების მე-5 მუხლის თანახმად, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების შესახებ განაცხადის მიღებიდან არაუგვიანეს ოთხი სამუშაო დღისა, ვალდებულია გააფორმოს განმცხადებელთან ხელშეკრულება ან წერილობით აცნობოს განმცხადებელს დასაბუთებული უარი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების განხორციელებისათვის ხელშემშლელი ტექნიკური პირობის არსებობის შესახებ.

როგორც ვიცით, ტრანსპორტირების კომპანიას ბუნებრივი აირის გატარების ტექნიკური ხარვეზები არ გააჩნია, იმდენად, რამდენადაც აღნიშნული მილის მეშვეობით, ტრანზიტის საფასურად მიღებული ბუნებრივი აირი ქსელში ნაწილდება. შესაბამისად, ტრანსპორტირების კომპანიას შპს „გასკო+“-ისთვის უარის თქმის საფუძველი არ ჰქონდა. აქედან გამომდინარე შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ აღნიშნული კანონმდებლობის თანახმად, ხელისუფლებას ამ გარიგების ჩაშლის ბერკეტი არ გააჩნია“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

ანალიტიკოსმა ასევე ისაუბრა მოცემული გარიგების თანმდევ შესაძლო საფრთხეებზეც. მისი თქმით, აღნიშნული ხელშეკრულება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე გავლენას ვერ მოახდენს.

„გარდა ამისა, აუცილებლად აღსანიშნავია, რომ გარკვეული პოლიტიკური ძალებისა და მათთან ასოცირებული მედია საშუალებების მხრიდან, საკითხის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციაა და აღნიშნული კრიტიკა ღრმა შინაარსობრივი ანალიზისგან შორს დგას. რამდენადაც, „გაზპრომის“ მხრიდან, რომელიმე კომერციულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა ვერ გახდება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების დამაზიანებელი ფაქტორი“, - განაცხადა აფბა-ს ანალიტიკოსმა.