ბათუმის საავტორო ფილმების მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალი წელს Check in Georgia-ს ფარგლებში ჩატარდება

კულტურის სამინისტროში, 22 ივნისს, ბათუმის საავტორო ფილმების მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართება.

როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, მედიასა და კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს ფესტივალის პროგრამასა და სიახლეების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ეროვნული კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი, ფესტივალის დირექტორი გიორგი გოგიბერიძე და ფესტივალის მენეჯერი ზვიად ელიზიანი.

ბათუმის საავტორო ფილმების მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალი წელს პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში, 18-25 სექტემბერს ჩატარდება.

პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდება 2016 წლის კინოფესტივალის პროგრამის ძირითადი სექციები, მასტერკლასები, კინოჩვენებების ლოკაციები, ამასთან, BIAFF-ის სავარაუდო სტუმრების ვინაობა და ჟიურის შემადგენლობა. გაჟღერდება ინფორმაცია BIAFF ინდუსტრიული პლატფორმის „ალტერნატიული ტალღას“ ფარგლებში დაგეგმილი ვორქშოფების შესახებ.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, BIAFF კინოფესტივალის ფარგლებში ყოველწლიურად წარმოდგენილია 40 სრულმეტრაჟიანი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30-ზე მეტი ქვეყნიდან. ფესტივალის პროგრამა მოიცავს როგორც საკონკურსო, ისე არასაკონკურსო სექციებს, მათ შორის: საერთაშორისო მხატვრული ფილმების კონკურსი; დოკუმენტური ფილმების საერთშორისო კონკურსი; მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი; „ქართული პანორამა”; დიდოსტატთა კოლექცია; „შექსპირი კინოში” - უილიამ შექსპირის გარდაცვალების 400 წლისთავისადმი მიძღვნილი სექცია; ევროპის კინოაკადემიის (EFA) საუკეთესო ევროპული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია; რეტროსპექტივები.

ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი 2006 წელს დაარსდა.