მებაჟე ოფიცრებმა კანონდარღვევის ფაქტები გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციის საფუძველზე, კანონდარღვევის ფაქტი გამოავლინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტის, „წითელი ხიდის“, კონტროლის ზონაში, მებაჟე ოფიცრებმა აზერბაიჯანის მოქალაქე ა.მ.-ისა და მისი თანმხლები პირების (ზ.ა., ა.ს. და ნ.ა.) ფიზიკური დათვალიერების შედეგად, აღმოაჩინეს არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები ბრილიანტის თვლებით. კერძოდ, ზ.ა.-ს აღმოაჩნდა 55,77 გრამი ოქროს ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 17636,61 ლარი, ხოლო ნ.ა.-ს - 53,92 გრამი ოქროს ნაკეთობები, საბაჟო ღირებულებით 15196,91 ლარი. მათი განცხადებით, აღნიშნული ოქროს ნაკეთობები ეკუთვნოდა ზემოთ აღნიშნულ პიროვნებას, ა.მ.-ს.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

მსგავსი ფაქტი გამოავლინეს საბაჟო გამშვები პუნქტის, „სადახლო-საავტომობილოს“, მებაჟე ოფიცრებმაც. მათ საქართველოს მოქალაქე ნ.მ.-ს, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, ხელბარგში 201,23 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები და 20,88 გრამი ვერცხლის ნაკეთობები აღმოუჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 4518,91 ლარი.

საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, პირს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 4518,91 ლარის ოდენობით.