ეროვნულ მუზეუმში პროექტის - „ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“ პრეზენტაცია გაიმართება

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში 23 ივნისს, უნიკალური პროექტის, „ქართული მონეტების ოქროს კოლექცია“ პრეზენტაცია გაიმართება.

ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, პროექტი ყველა ადამიანს აძლევს საშუალებას, გახდეს წიგნი-ალბომის მფლობელი და თვეში ერთხელ პირად კოლექციას თითო მონეტა შემატოს. წიგნ-ალბომში საგანგებოდაა გამოყოფილი ადგილები, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული მონეტების ასლებით ივსება. ალბომს მოჰყვება სპეციალური ლუპა.

24 განსხვავებული მონეტა საქართველოს ისტორიას ქრონოლოგიურად გვიამბობს.

სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა მოინახულონ ნუმიზმატიკური საგანძურის გამოფენა, რომელიც სპეციალურად ღონისძიების ფარგლებში გაიხსნება.

თითოეული სტუმარი საჩუქრად მიიღებს პირველი მონეტის ასლს. სამომავლოდ კი ერთგულ მომხმარებელს, რომელიც უნიკალური კოლექციის შეგროვებას გააგრძელებს, ექნება შანსი, გახდეს ნამდვილი ოქროს მონეტის მფლობელი.

პროექტი განხორციელდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის, „გამომცემლობა პალიტრა L“-ისა და ,,კვირის პალიტრის’’ მიერ. წიგნ-ალბომზე მუშაობდა ნუმიზმატთა და ისტორიკოსთა გუნდი.

პროექტის შესახებ ისაუბრებენ: დავით ლორთქიფანიძე - საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი; მარიკა დარჩია - „პალიტრა მედიის“ კრეატიული დირექტორი; გიორგი კეკელიძე - საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი; მაია პატარიძე - საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნუმიზმატი, წიგნის თანაავტორი.