სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტოს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თანამშრომელი თეკლა ხ. დააკავეს.

ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გამომძიებელმა გიორგი ქურდაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ თეკლა ხ-მ აფხაზეთიდან დევნილ მოქალაქეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან ბინის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 7 000 აშშ დოლარი. გამოძიება სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების 7-დან 11 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.