დიმიტრი ქუმსიშვილი - იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა საკუთარ თავზე 2 ნახევარ დოლარზე მეტი დახარჯოს, შემცირებულია

საქართველოს ვიცე პრემიერის, ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, იმ ადამიანთა რაოდენობა ვისაც არ აქვს შესაძლებლობა 2 ნახევარ დოლარზე მეტი დახარჯოს თავის თავზე შემცირებულია.

როგორც დღევანდელი ეკონომიკური ფორუმის დასრულების შემდეგ პირველმა ვიცე პრემიერმა განაცხადა, ამ თვის დასაწყისში მსოფლიო ბანკმა დაასრულა კვლევა მათ შორის, სიღარიბესთან დაკავშირებით და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევა, რომელზეც მოსახლეობასთან კომუნიკაციაა საჭირო.

”კვლევის მიხედვით, ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა დღეში 2 ნახევარ დოლარზე მეტი დახარჯონ თავის თავზე, 2012 წელს 1 900 000 ადამიანი იყო. ამდენი ადამიანი გვყავდა ჩვენს ქვეყანაში, რომელსაც არ ჰქონდა შესაძლებლობა, 2 ნახევარი დოლარი დაეხარჯათ თავის თავზე. სწორედ ამ უკიდურეს სიდუხჭირეზეა ლაპარაკი. ჩვენი ხელისუფლების პირობებში 490 000 ადამიანმა ამ ზღვარს თავი დააღწია, თუმცა დღეს კიდევ 1 400 000 ადამიანზე მეტია დარჩენილი, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა 2 ნახევარ დოლარზე მეტი დახარჯოს თავის თავზე. იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც თავი ამ სიდუხჭირეს დააღწია, პირდაპიროპორციულადაა დამოკიდებული დასაქმებაზე და ხელფასების ზრდაზე. მე პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ წინა ხელისუფლება არა მარტო ძალადობდა ამ მოსახლეობაზე, არამედ მას აშიმშილებდა. ფორუმზე ჩვენ ეს მასალა გავშალეთ. ვისაუბრეთ ასევე იმაზე, რომ როდესაც კიდევ 1 400 000 ადამიანია, რომელიც ვერ ახერხებს, 2 ნახევარი დოლარის დახარჯვას თავის თავზე, იმის მოძებნა, რომ ვიღაცა გაჭირვებულია, არის მარტივი, თუმცა მნიშვნელოვანია ეკონომიკური პოლიტიკა, რომელმაც უზრუნველყო ის, რომ 490 000 ადამიანი ამოვიდა ამ უკიდურესი გაჭირვებიდან”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ფორუმზე საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს და ბიზნესის დამოკიდებულებასაც.

”ბიზნესის ნდობის ინდექსი, რომელსაც ეკონომიკის საერთაშორისო ინსტიტუტი ზომავს, 2015 ბოლო კვარტალსა და 2016 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და ეს იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანაში გვაქვს ჯანსაღი ძლიერი ეკონომიკა, ბიზნესი იღებს გადაწყვეტილებას, რომ ახალი სამუშაო ადგილები შექმნას, მითუმეტეს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ყველა პროექტი მიმდინარეობს. ეს რიცხვი არის ყველაზე დიდი 2008 წლიდან, შესაბამისად, ქვეყანაში ბევრი ინვესტიცია შემოგვდის. ძალიან სუსტი ოპონენტები გვყავდნენ დღევანდელ შეხვედრაზე. ყველა იყო მოწვეული, ვისაც აზრის გამოთქმის სურვილი ჰქონდათ. ჩვენ მწვავე კითხვებს ველოდებოდით. კითხვები და შეფასებები, რაც დაისვა, მინდა ვთქვა, რომ უსუსური იყო. მათ შორის, შეშელიძემ თქვა, რომ რატო გიკვირთ წინა ხელისუფლების, იმათმა ჯერ ბიზნესს ფული გაუჩინეს ჯიბეში და მერე ხელი ჩაუყვესო”, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

საპოლიციო გამოსახლებასთან დაკავშირებით კი, ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ პირადად მას აქვს 5-გვერდიანი წერილი საქართველოს პარლამენტისთვის და დღემდე არ ეთანხმება ამ კანონს.