სოფლის მეურნეობის დარგში საგადასახადო შეღავათები კიდევ ერთი წლით გაგრძელდება

სოფლის მეურნეობის დარგში არსებული საგადასახადო შეღავათები კიდევ ერთი წლით გაგრძელდება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები და სოფლის მეურნეობის წარმოებაში დასაქმებულების წახალისება და სტიმულირება ერთი წლით - 2018 წლის 1-ელ იანვრამდე მოხდება.

ამ მიზნით ცვლილებები “საგადასახადო კოდექსში“ შედის. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები პარლამენტის წევრები, გია ჟორჟოლიანი და გელა სამხარაული არიან.

კანონპროექტი აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. გია ჟორჟოლიანმა იმედი გამოთქვა, რომ შეღავათები სასოფლო-სამეურნეო აქტივობების ხელის შემწყობი იქნება, ვინაიდან სოფლის მეურნეობა დიდ დანახარჯებს მოითხოვს და მოკლევადიან მოგებაზე არაა გათვლილი.

გარდა იმისა, რომ კანონპროექტის შემუშავების მიზანია სოფლის მეურნეობის დარგში არსებული საგადასახადო შეღავათების გადავადება, იგი სპეციალური სავაჭრო ზონის სტატუსის მისაღებად დადგენილი ვადის გაგრძელებასაც ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე