თხილის ფასი მკვეთრად შემცირდა

უკანასკნელი რამდენიმე თვეა, რაც დასავლეთ საქართველოში, თხილის ფასი მკვეთრად შემცირდა. ადგილობრივთა ინფორმაციით, 1 კილოგრამ თხილზე 3,40 ლარი რეკორდულად დაბალი ფასია, რაც კი ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებულა. თხილის მიმღებ პუნქტებში ამბობენ, რომ შარშან ამ დროს თხილი 9-10 ლარი ღირდა. მიმდინარე წლის განმალობაში, 1 კგ თხილის ყველაზე მაღალი ფასი 8 ლარი იყო.

ადგილობრივი მეწარმეებისა და გლეხების თქმით, თხილის ფასის მკვეთრი ვარდნის ორი ვერსია არსებობს. ერთი ვერსიით, სახელმწიფოსთან დაახლოებულმა ბიზნესწრეებმა ხელში ჩაიგდეს თხილის ბიზნესის მართვის სადავეები, მეორე ვერსიით კი, თხილის ფასი "ევროპაში ქართული თხილის სახელის გატეხვამ" შეამცირა. მოგეხსენებათ, რომ ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში დიდი ოდენობით თხილის პარტიას მიწის თხილი შეურიეს.

თხილის ფასი, დასაველთ საქართველოსთან შედარებით კიდევ უფრო დაბალია ოკუპირებულ აფხაზეთში. გალის მოსახლეობის თქმით, ბოლო ერთი კვირაა პროდუქტზე ფასი საგანგაშოდ შემცირდა. მათი ინფორმაციით, როდესაც ზუგდიდის ბაზარში თხილი 3, 40-3, 50 ლარი ღირს, აფხაზეთში 50-70 თეთრით უფრო იაფად იყიდება. შესაბამისად, მათვის ზუგდიდში თხილის გადმოტანა გაცილებით ხელსაყრელია, თუმცა ბოლო დროს ამას ვერ ახერხებენ. ამის მიზეზი კი ე.წ. სასაზღვრო გამშვებ-პუნქტებზე დაწესებული "ბაჟია". აფხაზეთის დეფაქტო მთავრობის კანომდებლობით, 1 კილოგრამი თხილის სამეგრელოში გადმოტანა 1.20 ლარი ღირს. ამიტომაც, ზუგდიდის თხილის მიმღებ პუნქტების მფლობელთა თქმით, წელს აფხაზეთიდან თხილი თითქმის არ მიუღიათ.

თხილის ბაზარზე მონოპოლიის არსებობას ფაქტობრივად გამორიცხავს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ალექსანდრე მოწერელია.

"ახლა თხილის სეზონი დასასრულს უახლოვდება. მალე ახალ მოსავალს მოიწევენ და ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, ურჩევნია დაიცადონ და ახალი მოსავლის თხილი იყიდონ. რაც შეეხება დაბალ ფასს, წელს გაცილებით დიდი მოსავალი იყო. შარშანდელმა მდგომარეობა ცოტა არ იყოს გაგვათამამა, ყველას ეგონა, რომ წელსაც ასეთი მაღალი ფასი იქნებოდა. შარშან, საქართველოში თხილის ფასი რეკორდულად მაღალი იყო და ასე გვეგონა წელსაც. კარგი იქნებოდა ასე ყოფილიყო, მაგრამ არ მოხდა. ახლა მსოფლიო ბაზარზე თხილის ფასი დაბალია და რადგან ჩვენც მეტნაკლებად ჩართული ვართ მსოფლიოს ბაზრის თამაშებში, ამ რეალობას გვერდი ვერ ავუარეთ... სხვა საკითხია, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო, თურქული თხილის ფასს კილოგრამზე ერთი დოლარით ჩამოვრჩებით. ისევე, როგორც ხარისხით ჩამოვრჩებით. ლოგიკურად, თუ საქონელი იაფია, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ მისი ხარისხი მაღალ ფასს ვერ აკმაყოფილებს...

რაც შეეხება ვერსიას, თხილის მონოპოლიის შესახებ, ეს აბსურდია. როგორ უნდა გაკონტროლდეს თხილის ბაზარი და რომელმა მონოპოლისტმა უნდა შეძლოს თხილის ფასის განსაზღვრა, როდესაც თხილს დღეს საქართველოში ძალიან ბევრი აწარმოებს. 50 ათასი მხოლოდ წვრილი ფერმერი და ძალიან ბევრი მწარმოებელია. შეიძლება ითქვას, რომ ვისაც ფული აქვს, თხილს ყიდულობს, ასაწყობებს და როგორც კი მისთვის ხელსაყრელი ფასი დაფიქსირდება, ყიდის... ლამის მთელი საქართველო თხილს აწარმოებს და ფასი როგორ შეიძლება ერთმა კონკრეტულმა ბიზნესჯგუფმა განსაზღვროს", - ამბობს მოწერელია.

რაც შეეხება მეორე ვერსიას, რომლის მიხედვითაც, საექსპორტოდ გამზადებულ თხილს დიდი რაოდენობით მიწის თხილი შეურიეს, ალექსანდრე მოწერელია ამბობს, ეს ფაქტი დადასტურებულია. 

"ეს ერთ-ერთ საწარმოში მოხდა. მოხალული, დაქუცმაცებული თხილის მთლიან რაოდენობაში 22% მიწის თხილი შეურიეს. აღნიშნული ფაქტი ოფიციალურად არის დადასტურებული და ამის შესახებ ინფორმირებულია სურსათის უვნებლობის სამსახური, რადგან ევროპიდან მოვიდა შეტყობინება. ცნობილია, რომ გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში, საქართველოდან ექსპორტირებულმა მიწის თხილმა, 10 წლის ბავშვს ალერგია მისცა და ძლივს გადაარჩინეს. ეს გაირკვა ევროკავშირის განგაშის სისტემით საშუალებით და ის ადგილებიც გაირკვა, სადაც ნაშთები იყო დარჩენილი. მთლიანობაში, სამი შემთხვევა გამოვლინდა და ბუნებრივია, ამ ფაქტმა ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ამ დარგს, პირველ რიგში, სახელმწიფოს და ამან გამოწივია ის, რომ დაჩქარდა ტექნიკური რეგლამენტის მიღება. ამჟამად, დაქუცმაცებული თხილი, შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ მოწმდება, მაგრამ შედეგი უკვე ვიწვნიეთ, თხილის ფასი მკვეთრად დაეცა. ცხადია, ევროპას თავის ტკივილი და რისკი არ უნდა და თურქულ თხილს ამჯობინებს", - ამბობს მოწერელია, რომლის თქმითაც, საქმის გარშემო ძიება მიმდინარეობს, თუმცა რა შედეგიც არ უნდა დადგეს, ცუდი საქმე გაკეთებულია, ევროპაში ქართულ თხილს ძლივს მოპოვებული სახელი გაუტყდა.

ლალი პაპასკირი