საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სემინარი გაიმართა

საპარტნიორო ფონდის ორგანიზებით, ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სემინარი გაიმართა.

სემინარს, ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, მთავრობის და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები, ასევე ძიანგსის პროვინციის 35 უმსხვილესი კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

”მინდა გითხრათ, ძიანგსის პროვინცია, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული პროვინცია ჩინეთში, რომელიც მის ცენტრალურ სამხრეთში მდებარეობს, 42 მლნ მოსახლეობით. იქ ძირითადად განვითარებულია ისეთი დარგები, როგორიცაა გადამამუშავებელი წარმოება, ფარმაცევტიკა, მსუბუქი მრეწველობა და ამ სფეროებში განსაკუთრებით ვფიქრობთ, რომ ქართველი და ჩინელი ბიზნესმენები მოძებნიან საერთო ენას. 50-ზე მეტი ბიზნესმენია ჩამოსული ამ პროვინციიდან დღეს. მიხარია, რომ ძალიან დიდი აქტივობაა ქართული მხრიდანაც, რადგან ძალიან ბევრი სფეროს წარმომადგენელი იყო დარბაზში. უშუალო საუბრების დროს ალბათ ჩამოყალიბდება მიზნები და ამოცანები. მარტში ქალაქ მანჩაში მქონდა ბედნიერება დავსწრებოდი ქართული კულტურის ცენტრის მშენებლობას, რომელიც ფაქტობრივად უკვე მთავრდება და რომელშიც უკვე 10 მლნ არის ჩადებული. ვერ წარმოიდგენთ, რომ ჩინეთის ცენტრში არის ნამდვილი ქართული სასახლე, მთელი ატრიბუტიკით, ისტორიული ორნამენტებით, რაც საქართველოს ეკადრება. აქ იქნება დიდი ცენტრი ქართული ღვინის პოპულარიზაციის, დიდი დარბაზები დეგუსტაციისთვის, ამიტომ ალბათ მალე აქ გაიმართება ქართული ანსამბლების მიერ კონცერტები, რომელიც ჩვენს ხელოვნებას გააცნობს ჩინელ მოსახლეობას”, - განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

სემინარის ფარგლებში საპარტნიორო ფონდსა და ძიანგსის პროვინციის რკინიგზის საინვესტიციო კომპანიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი.

დღესვე, გაფორმდა მემორანდუმი საქართველოს ბიზნეს ასოციაციას და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს ძიანგსის პროვინციის განყოფილებას შორის.

”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის კუთხით, ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს, რაც ითვალისწინებს ორი ქვეყნის ბიზნეს სექტორს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. მემორანდუმი ხელს შეუწყობს დაინტერესებულ მხარეებს გაიგონ იმ საინვესტიციო პოტენციალის შესახებ, რომელიც ორივე ქვეყანაში არსებობს და ხელს შეუწყობს უკვე არესებული ურთიერთობების გაღრმავებას”, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ასლანიშვილმა.