სემეკი - მოქალაქეებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი კომპანიების არჩევა შეეძლებათ

მოქალაქეებს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი კომპანიების არჩევა შეეძლებათ. როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, ენერგეტიკულ თანამეგობრობაში (Energy Community) გაწევრიანებით საქართველო ელექტროენერგეტიკული და ბუნებრივი გაზის ბაზრების ლიბერალიზაციის ვალდებულებას აიღებს, რაც ბაზრებს უფრო მოქნილსა და მიმზიდველს გახდის, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ინვესტორისათვის. კერძოდ მომხმარებლისათვის, ბაზრის ლიბერალიზაცია ნიშნავს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიმწოდებელი იმ კომპანიების არჩევის შესაძლებლობას, რომელიც მისთვის სასურველ მომსახურების პირობებს შესთავაზებს. დღეს მოქმედი რეგულაციებით, ასეთი შესაძლებლობა მომხმარებელს არ გააჩნია და მომსახურებას იღებს იმ გამანაწილებელი კომპანიისაგან, რომელიც მის რეგიონში ოპერირებს.

„ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის რეფორმა შეეხება ელექტროენერგიის საბითუმო და საცალო ბაზრებს. საბითუმო ბაზრის ლიბერალიზაციისათვის საჭიროა ერთმანეთისგან კანონმდებლობით გაიმიჯნოს ელექტროენერგიის გადამცემი ხაზების მფლობელობა და ელექტროენერგიის გენერაცია“, - აცხადებენ კომისიაში.

მათივე თქმით, საცალო ბაზრის ლიბერალიზაცია გულისხმობს ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის მფლობელობის გამიჯვნას ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობისაგან. ასეთ შემთხვევაში ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელი დარჩება იმ კომპანიების მფლობელობაში, რომლებიც დღეს მათ ფლობენ (სს „თელასი“, სს „ენერგო პრო ჯორჯია“, სს „კახეთის ენერგო დისტრიბუცია“), თუმცა ქსელზე დაშვება თავისუფალი იქნება ნებისმიერი კომპანიისთვის, რომელიც ელექტროენერგიის მიწოდების საქმიანობას განახორციელებს. ე.ი. მომხმარებლები ელექტროენერგიას მიიღებენ იგივე ინფრასტრუქტურის მეშვეობით, რომლითაც დღეს იღებენ, თუმცა ამ მომსახურებისთვის ისინი საფასურს სხვა კომპანიებს გადაუხდიან და თუ რომელს, ამას თავად აირჩევენ.

როგორც კომისიაში აცხადებენ, იმისთვის, რომ მომხმარებლებმა ელექტროენერგია შეუფერხებლად მიიღონ, ქსელის მფლობელმა კომპანიებმა სხვა კომპანიების მიერ მათი ქსელის გამოყენებაზე შეზღუდვა არ უნდა დააწესონ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიის (სემეკ) განცხადებით, ამ დროს კომპანიებს თმენის ვალდებულება უჩნდებათ. ლიბერალიზაციის შემდეგ მომხმარებლებს კომპანიების არჩევის საშუალება, შესაძლოა, სემეკის ვებ გვერდის მეშვეობით ჰქონდეთ.

"მომხმარებელს, რომელსაც სურს მიიღოს ელექტროენერგია, შესაძლებლობა ექნება ვებ გვერდის მეშვეობით გაეცნოს კომპანიათა შეთავაზებას და ელექტროენერგიის მიწოდებაზე ხელშეკრულება გააფორმოს იმ კომპანიასთან, რომელიც მისთვის სასურველ პირობებსა და მომსახურებას სთავაზობს", - აცხადებს სემეკის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი მარიამ იოსელიანი.

სემეკის ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის ბაზრის ლიბერალიზაცია ასევე გულისხმობს ბაზარზე კონკურენციის არსებობას, რომლის პირობებშიც, ელექტროენერგეტიკული ბაზრის მსგავსად, მომხმარებელს შეეძლება აირჩიოს კომპანია, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს მის მოთხოვნებს, როგორც ბუნებრივი გაზის წნევასთან, კალორიულობასთან, ასევე ტარიფთან და მომსახურების ხარისხთან მიმართებაში.