დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველო-ჩინეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სემინარზე მოხსენებით გამოვიდა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგსის პროვინციას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების სემინარის მუშაობაში, რომელიც საქართველოს საპარტნიორო ფონდის ორგანიზებით ჩატარდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სემინარის მუშაობაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ჩინეთის ძიანგსის პროვინციის ვიცე-გუბერნატორმა ლიუ ჩანგ ლინმა, საქართველოში ჩინეთის ელჩის ეკონომიკურმა მრჩეველმა ლიუ პომ და საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

სემინარს ასევე დაესწრნენ საქართველოსა და ძიანგსის პროვინციის ბიზნესწრეების წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ძიანგსის პროვინციიდან 35 უმსხვილესი კომპანიის ხელმძღვანელი პირი იმყოფება.

თავის გამოსვლაში პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელს დავით საგანელიძესა და ძიანგსის პროვინციის ვიცე-გუბერნატორ ლიუ ჩანგ ლინს მნიშვნელოვანი და მეტად აქტუალური ღონისძიების ორგანიზებაში. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბოლო წლებში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში საქართველოში სულ უფრო ინტენსიურად შემოდის ჩინური ინვესტიციები, არაერთი ჩინური კომპანია დღეს ჩვენს ქვეყანაში წარმატებით საქმიანობს, რაც, მინისტრის შეფასებით, ორმხრივ სასარგებლო პროცესია.

2016 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით, საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის ექსპორტის მიხედვით ჩინეთი მეორე ადგილს იკავებს, რაც საქართველოს მთლიანი ექსპორტის 10%-ია. ამასთან, აღნიშნულ პერიოდში ჩინეთში ექსპორტის ზრდამ 68 პროცენტი შეადგინა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ჩინეთის ძიანგსის პროვინციაში ჩინელმა ბიზნესმენმა 10 მილიონი დოლარის ინვესტიციით ქართული კულტურის ცენტრი ააშენა, სადაც, გაცხადებული გეგმის თანახმად, ყოველწლიურად, მინიმუმ, 200,000 ბოთლი ქართული ღვინის გაყიდვაა დაგეგმილი.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე გაამახვილა ყურადღება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებაზე. ჩინეთში ამჟამად იმყოფება სამუშაო ჯგუფი საქართველოდან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მოლაპარაკებასთან დაკავშირებით. მხარეებს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი ივლისშია დაგეგმილი. პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ახალი ეტაპი იქნება ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გასაღრმავებლად. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, პოლიტიკური შეთანხმების თანახმად, მოლაპარაკების პროცესი წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.

გამოსვლაში პირველმა ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებულად გაუსვა ხაზი საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობის აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის ინიციატივის ფორმატში. მან ისაუბრა თბილისის აბრეშუმის გზის მნიშვნელოვან ფორუმზე, რომლის თანაორგანიზატორიც საქართველოსთან ერთად, ჩინეთიც იყო. 2016 წელს ნოემბერში თბილისის ფორუმი მეორედ ჩატარდება. დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინური მხარის წარმომადგენლები ფორუმში მონაწილეობის მისაღებად მოიწვია. მისი განცხადებით, აღნიშნული ღონისძიება ემსახურება მაღალი დონის შეხვედრებისთვის პლატფორმის შექმნას, რომლის ფარგლებშიც მოხდება თანამშრომლობის გაღრმავება ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში როგორიცაა: ვაჭრობა და ბიზნეს კონტაქტების დამყარება, ინვესტიციები, ტურიზმი, ტრანსპორტი, ენერგეტიკა და სხვა.

გამოსვლის დასასრულს, დიმიტრი ქუმსიშვილმა გამოხატა მხარდაჭერა ყველა იმ პროექტის და ინიციატივის მიმართ, რომელიც მიმართულია საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებისკენ.

სემინარის ფარგლებში, საქართველოს საპარტნიორო ფონდსა და ჩინეთის ძიანგსის პროვინციის რკინიგზის საინვესტიციო კომპანია შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.