მერიის არქიტექტურის სამსახური ვარკეთილი 3-ში გაცემულ მშენებლობის ნებართვაზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური ვარკეთილი 3-ში გაცემულ მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ვარკეთილი-3-ის, III მ/რ-ის 310-ე კორპუსის მიმდებარედ მშენებლობის ნებართვა 2015 წლის 3 ნოემბერს გაიცა. მიწის ნაკვეთის მფლობელი არქიტექტურის სამსახურისგან განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ2-ის 6,0-მდე გაზრდას ითხოვდა. არქიტექტურის სამსახურმა დადებითი შეფასება განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ2-ის მხოლოდ 4,5-მდე გაზრდას მისცა.

განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2012 წლის 14 აგვისტოს აუქციონის წესით გასხვისდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისში, ვარკეთილი-3 , III მ/რ , 310 კორპუსის მიმდებარედ (ნაკვეთი საკადასტრო კოდი N 01.19.39.027.013). ნაკვეთის გასხვისება მოხდა საცხოვრებელი ზონა-6-ის ფუნქციური ზონირებით გათვალისწინებული ობიექტების განვითარების შესაძლებლობით, რომელიც ასევე ითვალისწინებს მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური/მრავალბინიანი შენობის განთავსებას.

მფლობელმა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენისა და მასზე ქალაქმშენებლობითი პარამეტრების გაზრდის საკითხი არაერთხელ დააყენა არქიტექტურის სამსახურის წინაშე, რომლითაც განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ2=6,0-მდე გაზრდას ითხოვდა. აღნიშნულ მოთხოვნებზე ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭომ (2014 წლის 11 ივნისს, 2015 წლის 28 იანვარს, 2015 წლის 5 თებერვალს და 2015 წლის 5 ოქტომბერს) უარყოფითი დასკვნები გასცა.

საბჭოს მიერ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის კ2-ის მხოლოდ 4,5-მდე გადამეტებას მიეცა დადებითი შეფასება, 2015 წლის 3 ნოემბერს.

აღნიშნული პარამეტრების ფარგლებში, მიწის ნაკვეთის მფლობელის მიერ წარმოდგენილი იყო მშენებლობის ნებართვისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც 2016 წლის 1 ივნისს გაიცა მშენებლობის ნებართვა“, - ნათქვამია განცხადებაში.