ატენის ქუჩაზე მოსახლეობა 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს

თბილისში, ატენის ქუჩაზე მოსახლეობა 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. მათთან ერთად იმყოფებიან ვაკის რაიონის გამგებელი, ნოდარ ტურძელაძე და ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ელენე ხოშტარია.

ვაკის გამგებლის განცხადებით, ამ მშენებლობაზე ნებართვა პერიოდულად გაიცემოდა, პირველად 2007 წელს გაიცა და საბოლოო გადაწყვეტილება მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე 2014 წლის მარტში გაიცა.

გამგებლის თქმით, დღეს ამ მშენებლობასთან დაკავშირებით სასამართლო დავა მიმდინარეობს.

როგორც ტურძელაძემ განაცხადა, ხელისუფლება შეეცდება, კანონის ფარგლებში, მოსახლეობას დაეხმაროს.

ელენე ხოშტარიას განცხადებით კი, ამ ადგილას 27-სართულიანი კორპუსი რომ არ უნდა იდგეს, ეს აბსოლუტურად ცალსახაა.

„თუ ეს პრობლემა ჩვენ დროს, ანუ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არის გაჩენილი, ეს არის ძალიან ცუდი, მაგრამ ამ ხელისუფლების მოსვლიდან უკვე 4 წელი გავიდა და თუ მათ ვერ იპოვეს გზები, რომ ეს პრობლემა გადაეწყვიტათ, ე.ი. მათ ამის უნარი არ აქვთ“, - განაცხადა ხოშტარიამ.