მთავრობა ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული ღონისძიებების დაგეგმვის საბჭოს შექმნის შესახებ მსჯელობს

მთავრობა ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების დაგეგმვის საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ მსჯელობს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ჩვენი ქვეყნის პრომოციას როგორც ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით და არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

“ამ პროცესის კიდევ უფრო დახვეწის და კერძო სექტორის ჩართულობის მიზნით, იქმნება საბჭო, რომელშიც შევლენ როგორც მთავრობის, ასევე ბიზნესის, მსხვილი ტურისტული კომპანიების, სასტუმროების ქსელების წარმომადგენლები. სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენის პროცესის პარალელურად, მათთან ერთად მოხდება მომავალი წლის კალენდრის და დასაფინანსებელი ღონისძიებების პრიორიტეტების განსაზღვრა. ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ამ საბჭომ იმუშაოს ეფექტური ინსტიტუციური მექანიზმების შექმნის მიმართულებით. სავარაუდოდ, შეიქმნება არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც არ უნდა იყოს მომგებიანი ორგანიზაცია, სადაც სახელმწიფო კერძო სექტორის თანამონაწილეობით განახორციელებს ასეთი ტიპის პროექტებს. ძალიან მნიშვნელოვანია წინასწარ იცოდნენ, როგორც სასტუმროების ქსელების მეპატრონეებმა, ასევე ტურისტებმა, რა კალენდარი იქნება და ტურიზმის ადმინისტრაციამაც დაგეგმოს აქტივობები“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, წელს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა და კიდევ განხორციელდება.

„ზაფხულის განმავლობაში გათვალისწინებული არის ძალიან კარგი პროგრამა. თუმცა, ასევე გამოიკვეთა ხარვეზები და ვფიქრობ, მთელი ამ პროცესის დახვეწისთვის კარგი იქნება კერძო სექტორის ჩართულობა სახელმწიფოსთან ერთად იყოს უზრუნველყოფილი“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.