,,წითელი ხიდი-გარდაბნის’’ 19 კმ-იან მონაკვეთს „კომფორტმშენ XXI“ ააშენებს

,,წითელი ხიდი-გარდაბნის’’ 19კმ-იან მონაკვეთს „კომფორტმშენ XXI“ ააშენებს, - ამის შესახებ  ”საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში"  აცხადებენ.

მათი ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ,,წითელი ხიდი-გარდაბნის’’ 700 მმ დიამეტრის 19 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის შესყიდვაზე გამოცხადებული ტენდერის გამარჯვებულად ქართული კომპანია „კომფორტმშენ XXI“ გამოვლინდა.

ტენდერში, რომელიც 2016 წლის 15 აპრილს გამოცხადდა, მონაწილეობის სურვილი გამოთქვა ოთხმა კომპანიამ - „საქმილსადენმშენი“, სს “პიი სიტ ნეფტეგაზსტროიიზოლაციას” ფილიალი, „რაპიდ ინჯინიირინგ & კონსტრაკშენი“ და „კომფორტმშენ XXI“.

”საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” ინფორმაციით, კომპანიებს შორის ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამოვლენილმა გამარჯვებულმა კომპანიამ 210 კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს სამუშაოს სრულად შესრულება. სამშენებლო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 4 364 733, 86 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

”აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის სხვადასხვა კრიტიკულ მონაკვეთზე ჩატარებული ბოლო შესწავლის შედეგების ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ „წითელი ხიდი-გარდაბნის“ მონაკვეთი „ყარადაღ-თბილისის“ მაგისტრალური გაზსადენის I ხაზის ერთ-ერთ ყველაზე სუსტ ადგილს წარმოადგენს. კვლევების შედეგად გადაწყდა „წითელი ხიდი-გარდაბნის“ 19 კმ-იან მონაკვეთზე არსებული გაზსადენის რეკონსტრუქცია, რაც გულისხმობს ახალი ხაზის გაყვანას 700 მმ-იანი მილებით და შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ამ მონაკვეთის საპროექტო უბანზე გაზსადენის რეკონსტრუქციით დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „წითელი ხიდი-საგურამოს“ მონაკვეთის მშენებლობა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

”საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” ცნობით, „ყარადაღ-თბილისის“ მაგისტრალური გაზსადენის I ხაზი საქართველოში აგებული პირველი მაგისტრალურ გაზსადენია, რომლითაც ბუნებრივი გაზი აზერბაიჯანიდან მიეწოდა საქართველოს სამრეწველო, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და ბიზნესის ობიექტებს. გაზსადენი 1959 წელს აშენდა.