დაჩი ცაგურია - ”ახალი საქართველო” ტყუის, რომ Stadler-ის ფირმის მატარებლები ერთდროულად ვერ შეძლებენ გვირაბში გავლას

”საქართველოს რკინიგზაში” Stadler-ის ფირმის მატარებლებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ.

”საქართველოს რკინიგზის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დაჩი ცაგურიამ ტყუილი უწოდა სამოქალაქო პლატფორმა - ”ახალი საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელის, გივი კუბლაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ”საქართველოს რკინიგზის” მიერ შეძენილი Stadler-ის ფირმის მატარებლები ერთდროულად ვერ შეძლებენ გვირაბში გავლას.

”ეს არის არასერიოზული, ცრუ ინფორმაცია. ვაშაძის პარტმუშაკის მცდელობაა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. როდესაც ეს მატარებელი შემოვა და ყოველგვარი შეფერხების გარეშე გაივლის გვირაბს და ვაშაძის სამწუხაროდ, ეს გარდაუვალია, რადგან ეს მატარებელი სრულად აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, რომელიც სარკინიგზო ინფრასტრუქტურასა და ინდუსტრიაში არსებობს, ბატონმა ვაშაძემ პირადად მოუხადოს ბოდიში ყველა მოქალაქეს, რომელიც მისმა პარტიამ შეგნებულად შეცდომაში შეიყვანა და მოატყუა. ეს არის ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და ტყუილის ტირაჟირების მცდელობა. ეს არის არასერიოზული, მოკლეფეხება ტყუილი”, - განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

მისივე თქმით, ეს არის შვეიცარიული წარმოების, უმაღლესი ევროპული სტანდარტების შესაბამისი მატარებელი, რომელიც შვიცარიაში, ავსტრიაში, გერმანიაში, ბელგიაში მგზავრებს ემსახურება.

”როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ კომპანია Stadler-მა აწარმოოს ისეთი მატარებელი, რომელიც სარკინიგზო გვირაბებში არ ეტევა, როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ ჩვენ ვყიდულობთ მატარებელს, რომელიც გვირაბში არ ეტევა. რისთვის ვყიდულობთ, იმისთვის, რომ სახლში დავაყენოთ?! მე ძალიან მიხარია და ვულოცავ ყველას, ვისაც ამ ქვეყნის წარმატება ახარებს, რომ სულ მალე ჩვენს ქვეყანაში მგზავრებს მოემსახურებათ ზუსტად ისეთი უმაღლესი სტანდარტის მატარებელი, რომელიც ამ წუთებში შვიცარიაში, ავსტრიაში, გერმანიაში, ბელგიაში მგზავრებს ემსახურება”, - განაცხადა ცაგურიამ.

მისივე თქმით, აღნიშნული მატარებლები თბილისი-ბათუმის მიმართულებით იმოძრავებენ და უკვე ივლისის ბოლოდან მოემსახურებიან მგზავრებს.

”ახალი საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელის გივი კუბლაშვილის განცხადებით, რკინიგზელებთან კონსულტაციით დადგინდა, რომ”საქართველოს რკინიგზის” მიერ შეძენილი Stadler-ის ფირმის მატარებლები გვირაბში გავლას ვერ შეძლებენ და გვირაბის მონაკვეთზე მაქსიმალური სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 40 კმ/საათს. ამასთან, მისივე თქმით, აღნიშნული მატარებლებისთვის დეპო არ არის მზად და საჭიროებს რეკონსტრუქციას.