„საქართველოს რკინიგზა” Stadler-ის მატარებლებზე გავრცელებულ ინფორმაციას მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს

„საქართველოს რკინიგზა” Stadler-ის ფირმის მატარებლებზე გავრცელებულ ინფორმაციას ”მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს”.

როგორც ”საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, ბოლო დღეების განმავლობაში, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების გარკვეეული ნაწილის მხრიდან, სხვადასხვა მედიასაშუალებისა თუ სოციალური ქსელების საშუალებით, „საქართველოს რკინიგზის“ მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა მიმდინარეობს.

„აღშფოთებული“ ადამიანების მხრიდან მუდმივად ისმის ცილისმწამებლური და სრულიად უსაფუძვლო განცხადებები იმ სიახლის შესახებ, რაც „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ორსართულიანი ელექტრომატარებლის შემოყვანას უკავშირდება. გვსურს, კიდევ ერთხელ შევახსენოთ პატრიოტული სულისკვეთებით „აღგზნებულ“ ოპონენტებს, რომ მათთვის სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობის უდიდესი მხარდაჭერითა და ”საქართველოს რკინიგზის” დიდი მონდომებით, შვეიცარული კომპანია Stadler Bussnang AG-ის ელექტრომატარებელი მგზავრთა კომფორტულ გადაყვანას შავი ზღვის მიმართულებით აუცილებლად განახორციელებს.

ოთხი, ახალი მატარებელი, აღჭურვილია ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემებით, რომლებიც ყველა სტანდარტის მოთხოვნებთან არის შესაბამისობაში. მატარებლის ტექნიკური მონაცემები სრულად შეესაბამება ”საქართველოს რკინიგზის” მოთხოვნებს. ამასთან, სრულად აკმაყოფილებს ”საქართველოს რკინიგზის” მოქმედ გაბარიტებს. ლიანდაგის სიგანე, რომელზეც მატარებელია გათვლილი 1520 მმ-ია. ელექტრომატარებლის სიგრძე 101,7მ ხოლო სიგანე 3400 მეტრია. ახალი ელექტრომატარებლის სიმაღლე 5240 მილიმეტრს შეადგენს და 400 მგზავრზეა გათვლილი.

ტექნიკური მოთხოვნების შესამუშავებლად კი ”საქართველოს რკინიგზამ” Deutsche Bahn-ის ექსპერტების მომსახურებით ისარგებლა. ტექნიკურ პარამეტრებზე გერმანელ სპეციალისტებთან ერთად ქართული მხარეც მუშაობდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Stadler Kiss მოდელის მატარებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებაზეა გათვლილი. მათთვის მატარებელში ფუნქციონირებს ლიფტები და სველი წერტილები. გარდა ამისა, საპირფარეშოში ჩვილ ბავშვთა მოვლისათვის საჭირო სპეციალური მაგიდაა განთავსებული. Stadler Kiss მოდელის მატარებელი ევროპის ყველაზე მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. აღნიშნული მოდელის მატარებელი შვეიცარიაში, ბელგიაში, გერმანიაში, ავსტრიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში კურსირებს.

დღიდან ექსპლუატაციაში შესვლისა, (1890 წელი) 1972 წლამდე, წიფის გვირაბი განკუთვნილი იყო ერთლიანდაგიანი სარკინიგზო მოძრაობისთვის. 1972 წლიდან წიფის გვირაბში ჩატარდა რეკონსტრუქცია და დაემატა მეორე ლიანდაგი. რეკონსტრუქციის შემდეგ კი, გამომდინარე გვირაბის კონფიგურაციიდან, ურთიერთსაპირისპიროდ მოძრავი სამგზავრო ელექტრომატარებლების შეხვედრა გვირაბში არ ხდება. გამონაკლისი არც ”შტადლერის” მატარებელი იქნება. რაც შეეხება სიჩქარეს, რთული რელიეფის და მცირერადიუსიანი მრუდების გათვალისწინებით, იგი მთელს უღელტეხილის უბანზე შეადგენს 50 კმ/სთს ყველა სამგზავრო მატარებლისთვის და ამ შემთხვევაშიც, ”შტადლერის” მატარებელის ფაქტორი არაფერ შუაშია.

კიდევ ერთხელ შევახსენებთ განცხადების ავტორებს, რომ ”შტადლერის” მატარებელი სრულად აკმაყოფილებს 1520 სივრცეში მოქმედ გაბარიტის მოთხოვნებს და შესაბამისობაშია საქართველოს რკინიგზის ინფრასტრუქტურასთან (მათ შორის, საკონტაქტო ხაზის მახასიათებლებთან) რომელზეც მუდმივად მიმდინარეობს მოვლა-შენახვისა და რემონტის გეგმიური სამუშაოები”, - ნათქვამია ”საქართველოს რკინიგზის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

”ახალი საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებელის გივი კუბლაშვილის განცხადებით, რკინიგზელებთან კონსულტაციით დადგინდა, რომ ”საქართველოს რკინიგზის” მიერ შეძენილი Stadler-ის ფირმის მატარებლები გვირაბში გავლას ვერ შეძლებენ და გვირაბის მონაკვეთზე მაქსიმალური სიჩქარე არ უნდა აღემატებოდეს 40 კმ/საათს. ამასთან, მისივე თქმით, აღნიშნული მატარებლებისთვის დეპო არ არის მზად და საჭიროებს რეკონსტრუქციას.