არჩილ მესტვირიშვილი - თუ მოსახლეობამდე მივიტანთ, რომ კურსის ცვლილებას ვიღაც არ იწვევს, მაშინ კურსზე დამოკიდებულება შემცირდება

თუკი მოსახლეობამდე სწორად მივიტანთ, რომ კურსის ცვლილებას ვიღაც არ იწვევს და ეს არის ბუნებრივი, ისე როგორც სხვა ქვეყნებში ხდება, მაშინ კურსზე დამოკიდებულება შემცირდება , - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა, რომელმაც პარლამენტს გაწეული მუშაობის ანგარიში წარუდგინა.

მისივე განცხადებით, კურსზე დამოკიდებულების შემცირება დოლარიზაციის შემცირებას ნიშნავს.

როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი განმარტავს, ქვეყნის და ფინანსური სექტორის გამოწვევა მაღალი დოლარიზაციაა, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას უშლის ხელს.

”ეროვნული ბანკის ფუნქცია არის ფასების სტაბილურობა. ფასების სტაბილურობა თავისთავად ნიშნავს იმას, რომ კურსი გრძელვადიანად სტაბილური იქნება და კურსის გრძელვადიანი სტაბილურობა აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის. კურსის მოკლევადიან სტაბილურობას არ უნდა შევწიროთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, გრძელვადიანი სავალუტო კურსი. რაზეც გასულ წელს იყო საუბარი, ჩვენ გვქონდა ამაზე კომენტარი, განხილვა - ჩვენ გვაქვს არასწორი ქმედებების მაგალითები სხვა ქვეყნებში და მინდა, რომ ჩვენი მხრიდან კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ქვეყანას საგარეო შოკზე სწორი რეაგირება ჰქონდა. ამას ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს. სხვა ტიპის რეაგირება რომ ყოფილიყო ჩვენგან, დღეს უარესი მდგომარეობა გვექნებოდა. კურსზე კომენტირებისგან თავს ვიკავებ, რადგან ეს ცენტრალური ბანკის ფუნქცია არ არის, ამას არც სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკები აკეთებენ, რადგან რაღაცნაირად მოსახლეობა და ბიზნესი ჩვენ კომენტარებში კურსის პროგნოზის მესიჯებს ეძებს. საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს. მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი ნიშნავს, რომ ის შეიცვლება ხან ერთი და ხან მეორე მიმართულებით”, - განაცხადა მესტვირიშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.