სავაჭრო-სამრეწველო პალატა იმერეთში ბიზნესსექტორის პრობლემებს ეცნობა

სავაჭრო-სამრეწველო პალატა იმერეთში ადგილობრივი ბიზნესსექტორის პრობლემებს ეცნობა.როგორც საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში აცხადებენ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი დღეს ქალაქ ქუთაისში ადგილობრივ ბიზნესსექტორს შეხვდება.

ღონისძიებას იმერეთის რეგიონში მოღვაწე 100-მდე ბიზნესმენი დაესწრება. პალატის პრეზიდენტი ბიზნესსექტორის პრობლემებს ადგილზე გაეცნობა და ინტერაქტიულ რეჟიმში ყველა კითხვას უპასუხებს.

”საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა რეგიონებში მსგავსი ტიპის შეხვედრებს ეტაპობრივად მართავს. უკვე შედგა მსგავსი ღონიძიება ქალაქ ზუგდიდში, სადაც დისკუსია ორ საათს გრძელდებოდა და რამდენიმე მიმართულებით კონკრეტული პრობლემები გამოიკვეთა. ძირითადი საკითხები თაფლის, თხილის, ავეჯისა და ეთერ-ზეთების წარმოებას შეეხებოდა. ღია დიალოგის შემდეგ პალატა რეგიონში უკვე მიუნხენისა და ბავარიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ჩავა და გამოკვეთილი პრობლემების მოსაგვარებლად კონკრეტულ პროექტებს წარუდგენს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან შეხვედრას პალატის წევრი ბიზნესსექტორის წარმომადგენელთა გარდა, არაწევრი კომპანიებიც დაესწრებიან. შეხვედრის შემდეგ ნინო ჩიქოვანი იმერეთში მოქმედ საწარმოებს დაათვალიერებს.