ჰოლანდიის ცენტრალური ბანკის ექსპერტთა ჯგუფი - ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია

საქართველოს ეროვნული ბანკის შიდა აუდიტორული სამსახურის საქმიანობა შესაბამისობაშია შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან , - ამის შესახებ აღნიშნულია ჰოლანდიის ცენტრალური ბანკის ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომლის თანახმად, შიდა აუდიტორული სამსახურის საქმიანობის ხარისხს სამსაფეხურიანი შკალიდან უმაღლესი შეფასება - "ზოგადად შესაბამისი" 1 მიენიჭა.

როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეროვნული ბანკის შიდა აუდიტორული სამსახურის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა ითვალისწინებს საქმიანობის ხარისხის გარე შეფასების განხორციელებას ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ.

”სრული გარე შეფასება შეირჩა როგორც უფრო მაღალი ხარისხის რწმუნების მქონე მეთოდი შიდააუდიტორული სამსახურის საქმიანობის შესაფასებლად. ამასთან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მხედველობაში მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაცია და გარე შეფასების განსახორციელებლად სხვა ცენტრალური ბანკის სპეციალისტები მოიწვია.

2015 წლის დასაწყისში შედგა მოლაპარაკებები ჰოლანდიის ცენტრალური ბანკთან და შეთანხმდა ეროვნული ბანკის შიდა აუდიტორული სამსახურის ხარისხის გარე შეფასების განხორციელების დეტალები. გარე შეფასების მიზანს წარმოადგენდა ეროვნული ბანკის შიდააუდიტორული სამსახურის საქმიანობის ხარისხის შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის მიერ გამოცემული პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან და ეთიკის კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ექსპერტთა ჯგუფის წევრებად შეირჩნენ დარგის ცნობილი სპეციალისტები: რობერტ კორნელისი და პიტერ უილემსენი, რომელთაც ჩატარებული აქვთ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის არაერთი ქვეყნის ცენტრალური ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის გარე შეფასება.

შეფასების პროცესი მოიცავდა, როგორც დაინტერესებული მხარეების წინასწარ გამოკითხვას და კონკრეტული მასალების დისტანციურ შესწავლას, ასევე, ექსპერტთა ჯგუფის ადგილზე ვიზიტს 2015 წლის ოქტომბერში, რომლის ფარგლებში შედგა შეხვედრები შიდა აუდიტორებთან, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან, აუდიტის კომიტეტის წევრებთან და სხვადასხვა დეპარტამენტების მენეჯერებთან”, - განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

მათივე ინფორმაციით, ექსპერტებმა დეტალურად შეისწავლეს და გააანალიზეს შიდააუდიტორული სამსახურის სამუშაო დოკუმენტაცია და პროცედურები.

"შეფასების შედეგებმა დაადასტურა, რომ ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის საქმიანობაში მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი. ვფიქრობთ, შიდააუდიტორული სამსახურის საქმიანობის სრული გარე შეფასების შედეგად დაგროვილი გამოცდილება პოზიტიურად აისახება ქვეყნის მასშტაბით შიდა აუდიტის ფუნქციის განვითარებაზე, მისი როლისა და მნიშვნელობის ამაღლებაზე კორპორატიული მმართველობის პროცესში", - განაცხადა ეროვნული ბანკის შიდა აუდიტორული სამსახურის უფროსმა მამუკა ჯიბუტმა.