ლონდონის საფონდო ბირჟის ინდექსი რეკორდულად დაეცა

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების ფონზე ლონდონის საფონდო ბირჟის ინდექსმა რეკორდული 7,4%-იანი დაცემა დააფიქსირა.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, FTSE 100-ის ინდექსი სავაჭრო სესიის გახსნიდან პირველივე წუთებში 5,808.72 პუნქტამდე დაეცა.

Financial Times-ის ცნობით, ბრიტანულმა საფონდო ინდექსმა FTSE 250-მა ასევე მკვეთრი დაცემა დააფიქსირა და 11,4% დაკარგა.

Barclays-ისა და RBS-ის აქციები 30%-ით დაეცა, ინგლისის ბანკმა კი განაცხადა, რომ მოვლენების განვითარებას ყურადღებით აკვირდება და მზად არის, სავალუტო კურსის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო ზომა მიიღოს.

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებმა უარყოფითი გავლენა მოახდინა აზიურ საფონდო ბირჟებზეც. იაპონიის ერთ-ერთი მთავარი საფონდო ინდექსი Nikkei დაახლოებით 1 200 პუნქტით - 7,6%-ით დაეცა, რაც 2011 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების თანახმად, ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის მომხრეებმა გაიმარჯვეს.