”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” 100%-იანი წილის მფლობელი ”ბიჯეო ჯგუფი” გახდა

გავრცელებული ინფორმაციით, ”ბიჯეო ჯგუფმა” (BGEO Group), რომელიც თავის მხრივ „საქართველოს ბანკის“ აქციონერია, ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” საკუთარი 25%-იანი წილი 75%-მდე გაზარდა, რაშიც 287 მილიონი ლარი გადაიხადა.

”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” საინფორმაციო ცენტრის უფროსი სოფიო ნატროშვილი ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას ადასტურებს, რომ GWP-ის აქციონერებს შორის მოლაპარაკება ნამდვილად შედგა, თუმცა მისი თქმით, დეტალები ამ ეტაპზე ცნობილი არ არის:

”ჩვენი ინფორმაციით, ნამდვილად შედგა გარკვეული მოლაპარაკება კომპანიის არსებულ აქციონერებს შორის. გარიგება ჯერ დასრულებული არ არის და რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სავარაუდოდ ერთი თვის განმავლობაში დასრულდება. აქციონერები თავად გააკეთებენ შესაბამის განცხადებას მას შემდეგ, რაც გარიგება საბოლოოდ შედგება”, - აცხადებს სოფიო ნატროშვილი

აღსანიშნავია, რომ ”ბიჯეო ჯგუფი” საქსტატმა 2015 წლის უმსხვილეს კომპანიებს შორის დაასახელა. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, სს ”ბიჯეო ჯგუფი” 2015 წლის 28 მაისს არის რეგისტრირებული. თავად ”ბიჯეო ჯგუფის” (BGEO Group) ინფორმაციით, BGEO Group-ის შემადგენლობა ამჟამად ასეთია: „საქართველოს ბანკი“, საინვესტიციო ბანკი Galt & Taggart, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი (სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“), სამშენებლო კომპანია m2, კომპანია GGU, “თელიანი ველი”.

თამარ კორკოტაშვილი

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე