კომპანია ”რედკო” ახალ გუდაურში 150 მილიონ დოლარიანი ინვესტიციით საკურორტო ზონას ააშენებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიასა“ და კომპანია „რედკოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი და კომპანია „რედკოს“ წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც ”რედკოს” წარმომადგენლებმა განაცხადეს, კომპანიამ შეიძინა 50 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ახალ გუდაურში, რომელზეც ”რედკო” უმაღლესი ევროპული დონის, საკურორტო ზონის მშენებლობას და 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტის პირველი ეტაპი 10 ჰექტარის განაშენიანებას მოიცავს. ამ ეტაპით გათვალისწინებულია 26 ნაგებობის მშენებლობა, რომელიც კურორტს 4200-ზე მეტი დამატებითი „საწოლით“ უზრუნველყოფს.

კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნული პროექტების განხორციელებას ხელი შეუწყო სახელმწიფოს მიერ შემუშავებულმა მასტერპლანმა და ინფრასტრუქტურული პროეტების განხორციელებამ. ახალი გენერალური გეგმის მიხედვით კურორტზე აშენდება რამდენიმე 2*, 3*, 4* და 5* სასტუმრო, აპარტოტელები, თაუნჰაუსები და ვილები; შეიქმნება დამატებითი დასვენების და გასართობი ინფრასტრუქტურა - ყინულის მოედანი, რესტორნები, გასართობი ცენტრები, სპორტული მოედნები, მაღაზიები, ტენისის კორტები, სპა ცენტრები და კაზინო. ასევე, კურორტი აღჭურვილი იქნება თანამედროვე ავტოსადგომების სისტემებით (მიწისქვეშა და მიწისზედა), რომლებიც 1600-ზე მეტ ავტომობილს იტევს. კომპანია „რედკომ“ მიიღო წინასწარი თანხმობა Starwood Hotels and Resorts Worldwide“-საგან, რომლის მიხედვითაც კურორტზე მსოფლიოში ცნობილი ბრენდების “Sheraton” და “Four Points by Sheraton” სასტუმრობი გაიხსნება.

”აღნიშნულ ტერიტორიაზე კომპანია მომდევნო 5 წლის განმავლობაში ააშენებს თანამედროვე ევროპული დონის საკურორტო კომპლექსს, რაც გულისხმობს 26 ერთეული, მათ შორის, ბრენდული სასტუმროებისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობას. საერთო ჯამში, სამშენებლო მოცულობა არის 158 000 კვადრატული მეტრი ასაშენებელი ფართი, ხოლო განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობაა 150 მილიონი აშშ დოლარი”, - განაცხადა ”რედკოს” პროექტების მენეჯერმა მალხაზ კუნელაურმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მთის კურორტების განვითარება მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მისივე თქმით, ამ მიმართულებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევაა.

”კვლევებმა ნათლად აჩვენა, რომ თუ დღეს მთის კურორტები ჩვენს ეკონომიკაში დაახლოებით, 50 მილიონი დოლარის გენერაციას ახდენს, სრულიად მარტივად შესაძლებელია, რომ ეს თანხა 300 მილიონ დოლარამდე ავიდეს, რაც შესაბამისად, მოითხოვს ინვესტიციებს, ახალი სერვისების მიწოდებს”, - განაცხადა ქუმსიშვილმა და კომპანია ”რედკოს” მადლობა გადაუხადა.

მისივე თქმით, კანადურ კომპანია „ეკოსაინთან” ერთად შემუშავდა გუდაურის გენერალური განვითარების გეგმა, სადაც აღნიშნული მიწის ნაკვეთი მოჰყვა და შესაბამისად, ის ”არა ქაოტურად, არამედ სწორედაც რომ ერთიანი გეგმაზომიერი მიმართულებით განვითარდება”.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ”მთის კურორტების განვითარების კომპანიის” ხელმძღვანელის სანდრო ონოფრიშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში დაიწყება გუდაურის წყალსადენის და წყალარინების სისტემის სრული რეაბილიტაცია, ასევე გუდაურში კიდევ ერთი საბაგიროს მშენებლობა იგეგმება, რომელიც სეზონისთვის გახსნილი იქნება.

”ეს არის ნათელი მაგალითი სახელმწიფოსა და კერძო კომპანიის თანამშრომლობის, რომელიც მგონია, რომ წარმატებით დასრულდება. ასევე უახლოეს დღეებში დაიწყება წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია, 2017 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრო უკვე მთლიანად მოიცავს მთელ გუდაურს და მის მიმდებარე ტერიტორიას წყლისა და კანალიზაციის პრობლემის აღმოსაფხვრელად”, - განაცხადა ონოფრიშვილმა.