საქართველოს ბაზარზე მალე ქართული ანბანით გაფორმებული აქსესუარები გამოჩნდება

საქართველოს ბაზარზე მალე ეროვნული წარწერებით გაფორმებული აქსესუარები გამოჩნდება. ამის შესახებ ”ბიზნესპრესნიუსთან” ახალგაზრდა ქართველმა დიზაინერმა, ელენე კაპანაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქართული ეროვნული ანბანით ინსპირირებული კოლექცია, რომელიც ჩანთებს, გულსაბნევებსა და საყურეებს მოიცავს, ქართულ ბაზარზე ივლისში გამოჩნდება:

”დიდი ხანია ამის გაკეთება მინდა. თავიდან ტანსაცმლით დავიწყე. შემდეგ ჩანთებს ვქმნიდი. ახლა კი ”ბროშებით” დავინტერესდი. ვიყენებ როგორც ქართულ სიტყვებს, ასევე ანდაზებს, ცნობილ ფრაზებს. პრინტს ვირჩევ და თვითონ ვაკეთებ - ვმუშაობ ტყავზე და ამ ყველაფერს ხელით ვამზადებ. კოლექციას, სავარაუდოდ, ივლისის დასაწყისში გავიტან ბაზარზე. ამ კოლექციაში შედის ჩანთები, საყურეები და ”ბროშები””, - აცხადებს ელენე კაპანაძე.

22 წლის დიზაინერმა საქმიანობა სამი წლის წინ დაიწყო. სამი წლის წინ გაჩნდა მისი ბრენდი ELLI, რომელიც მომხმარებელს სამოსს და აქსესუარებს სთავზობს. დიზაინერისთვის შთაგონების წყარო ქართული ანბანი, ქართული მხატვრების ნამუშევრები და, ზოგადად, ქართული, ეროვნული მოტივებია. ელენე კაპანაძე თავისი ნამუშევრების რელიზაციას რამდენიმე მაღაზიისა და ინტერნეტმაღაზიის საშუალებით ახორციელებს.

თამარ კორკოტაშვილი