ქართულ საბანკო სისტემაში ბოლო წლებში დანარგილი ტექნოლოგიური ინოვაციები

საბანკო სფერო სულ უფრო მეტად ვითარდება საქართველოში. რამდენიმე წლის წინ ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ კომუნალური გადასახადების გადახდას ბანკში ან ინტერნეტით შეძლებდა. დღეს კი, მრავალი მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი. თუ რა ახალი სერვისები და ტექნოლოგიური სიახლეები დაინერგა ბოლო წლების განმავლობაში საბანკო სისტემაში, ამაზე Ambebi.ge ეკონომიკის სფეროს წარმომადგენლებს ესაუბრა.

"საზოგადოება და ბანკების" ერთ-ერთი დამფუძნებლის, გიორგი კეპულაძის თქმით, საბანკო სისტემა მთელ მსოფლიოში ძალიან სწრაფად ვითარდება და ამ მხრივ არც ქართული საბანკო სისტემაა გამონაკლისი.

"ამ სფეროში მაღალი მოთხოვნაა ტექნოლოგიურ სიახლეებზე, იმაზე, რომ აღარ იყოს დიდი რიგები ბანკში და კლიენტებს სწრაფად მოემსახურონ. ბოლო წლებში დანერგილ ინოვაციებს შორის, პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია დისტანციური მომსახურების სერვისები, როგორიც არის - ინტერნეტბანკინგი, მობაილბანკინგი, სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, რომელსაც დღეს უკვე საბანკო სისტემაში აქტიურად იყენებენ. ასევე მნიშვნელოვანია სხვადასხვა ავტომატური საგადასახადო დავალებები, როდესაც აუცილებელი არ არის მიხვიდე ბანკის ფილიალში და შეგიძლია ყოველთვიური გადასახადები გადაიხადო ონლაინ.

ასევე განვითარდა ბანკომატების სისტემა, გაცილებით მეტი ბანკომატია დღეს და არ გვიწევს თანხის გასანაღდებლად ბანკში მისვლა, ამას ბანკომატითაც ვახერხებთ. ბოლო წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა უნაღდო ანგარიშსწორება, როგორიც არის მაგალითად, ტერმინალების საშუალებით გადახდა, როდესაც ბარათით ვიხდით მაღაზიაში", - ამბობს გიორგი კეპულაძე.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში შესაძლოა დაინერგოს უკონტაქტო გადახდის სერვისი: "იგივე, რაც ახლა აშშ-ში უკვე აპრობირებულია, კერძოდ, მობილურ ტელეფონში გაქვს ანგარიში და პირდაპირ ტელეფონის საშუალებით იხდი. შესაძლოა, რამდენიმე წლის შემდეგ ბანკის ფილიალიც კი აღარ არსებობდეს. მაგალითად, ჩეხეთში არის რამდენიმე ბანკი, რომლებსაც ფილიალები, ფაქტობრივად, არ აქვთ და ყველანაირ მომსახურებას თავანთ კლიენტებს ინტერნეტის საშუალებით უწევენ".

საბანკო საკითხებში ექსპერტის, ლია ელიავას თქმით, ერთ-ერთი ახალი სერვისია ელექტრონული ხელმოწერა, თუმცა როგორც ის ამბობს, ეს საკმაოდ რთული პროცესია, რადგან მოსახლეობას დიდი ნდობა არ აქვს ელექტრონული ხელმოწერების მიმართ. ასევე წინ წასული ნაბიჯია, ბანკების მიერ ონლაინ მომსახურება, რომელიც ბევრად უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ფიზიკურად ბანკში მისვლა და ოპერატორის მომსახურებით სარგებლობა.

"სხვა განვითარებული ქვეყნების კომერციულ ბანკებთან შედარებით, ჩვენი ბანკების მომსახურების ასორტიმენტი საკმაოდ მწირია, მაგრამ დროთა განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკისა და საფინანსო სექტორის განვითარებასთან ერთად, ბუნებრივია კომერციული ბანკებიც გადადგამენ ნაბიჯებს ახალი სერვისებისკენ, ერთ-ერთი ასეთია კაპიტალის მართვა. მართალია საქართველოში, ერთი-ორი მსხვილი ბანკი ამას ახორციელებს, მაგრამ არ აქვს მასობრივი ხასიათი, ჩვეულებრივ, მოსახლეობა ცდილობს ფული შეინახონ ანაბრებზე, არადა კვალიფიციური მართვის შემთხვევაში, ამ კაპიტალს ბევრად უფრო მეტი მოგების მოტანა შეუძლია როგორც კლიენტისთვის, ისე მომსახურე ბანკისთვისაც, მაგრამ ჯერ არ არის განვითარებული", - ამბობს ლია ელიავა.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE