დედაქალაქის ბიუჯეტი, შესაძლოა, 18 მილიონი ლარით გაიზარდოს

დედაქალაქის ბიუჯეტი, შესაძლოა, 18 მილიონი ლარით გაიზარდოს. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოში მსჯელობა მიმდინარეობს. როგორც თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, არსებული თანხის დამატება რიგმა ინფრასტრუქტურულმა სამუშაოებმა და სოციალურმა საკითხებმა გამოიწვიეს.

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ცვლილებების თანახმად, საშემოსავლო ნაწილი 18 მილიონი ლარით იზრდება, რაც სამუშაოების შესრულების მაღალმა მაჩვენებელმა გამოიწვია.

„დედაქალაქის ბიუჯეტში ხდება ცვლილებები. არსებული ცვლილებების თანახმად, საშემოსავლო ნაწილი 18 მილიონი ლარით გაიზარდა. ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და ამ მაჩვენებლის მოლოდინი პოზიტიურია. ძირითადად ხარჯების გაზრდა ხდება ინფრასტურქტურის, ტრანსპორტისა და სოციალური მიმართულებით. ეს არის ის, რაც სჭირდება დედაქალაქის მცხოვრებელებს, რაც საჭიროებიდან გამომდინარე პერიოდულად ფიქსირდება“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნულ ინიციატივას და დედაქალაქის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას მხარს არ დაუჭერს ოპოზიცია. მათი განცხადებით, აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით შემოსულ ინიციატივაზე არსებობს სერიოზული კითხვები და მათ ამ კითხვების მოსმენა აინტერესებთ.