სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენმა“ ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაასრულა

სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენმა“ ახალი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაასრულა. ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული პროექტის ღირებულება 5 250 000 ლარია და იგი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა.

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ობიექტი დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურად გადასცა. ცერემონიალს ესწრებოდნენ ფონდის ხელმძღვანელები, რეგიონური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე, სამშენებლო კომპანია „საბა კონსტრაქშენის“ დირექტორი ლევან თარგამაძე.

როგორც კომპანია „საბა კონსტრაქშენის“ დირექტორმა ლევან თარგამაძემ განაცხადა, კომპანიამ მორიგი მასშტაბური პროექტი წარმატებით განახორციელა, შეასრულა ვალდებულებები და დათქმულ ვადებში დაასრულა სამუშაო.

მისივე ინფორმაციით, საპროექტო ფართმა თითქმის 13 000 კვადრატული მეტრი შეადგინა. ტერიტორიაზე აშენდა 3 4-სართულიანი საერთო საცხოვრებელი, ორსართულიანი ადმინისტრაციული შენობა, სპორტული მოედანი, მოეწყო გზები, გამწვანდა 5000 კვადრატულ მეტრზე მეტი ტერიტორია.

”საცხოვრებელი გათვლილია 320 სტუდენტზე, შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პირველ სართულებზე მათ შეუძლიათ დახმარების გარეშე ეტლებით შევიდნენ. მათთვის ადაპტირებულია ოთახები და სველი წერტილები. ყველა სართულზეა სასადილო ოთახები, ჭურჭლის სარეცხი მოწყობილობები. ინვენტარს განათლების სამინისტრო შემოიტანს. რაც შეეხება ადმინისტრაციულ შენობას, იქ განთავსდება 150 ადამიანზე გათვლილი კაფეტერია, საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, სამედიცინო ოთახი, შშმ პირების ლიფტი. ეზოში მოწყობილია ტრენაჟორების სივრცე, ფრენბურთის და კალათბურთის სტადიონი. ტერიტორია გამწვანებულია, დარგულია დაახლოებით 180 ძირი ხე, ბუჩქები და გაზონები”, - აღნიშნა ლევან თარგამაძემ.

მისივე ინფორმაციით, კომპანია ”საბა კონსტრაქშენი”დიდი ხანია სახელმწიფო შესყიდვებში ღებულობს მონაწილეობას და დადებითი რეკომენდაციების, კვალიფიკაციისა და ხარისხის დამსახურებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თეთრ სიაშია შესული.

(R)