"ლარის კურსი აუცილებლად გაძლიერდება"

საზოგადოება "2030"-ის წევრი მიხეილ დუნდუა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც "ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"ბოლო დღეების განმავლობაში ლარის მკვეთრი დევალვაციის მიზეზი საგარეო ვალის დაფარვას უკავშირდება, რასაც ბრიტანული რეფერენდუმის შედეგები ამძაფრებს.

საგარეო ვალის გადახდის გრაფიკი

2016 წლის მეორე კვარტალში (აპრილი-მაისი) საქართველოს დასაფარი ჰქონდა სულ 881.7 მილიონი დოლარის საგარეო ვალი. აქედან კერძო, არასახელმწიფო სექტორს 820 მილიონი დოლარი.

ამ 820 მილიონი დოლარიდან 210 დოლარი ისეთი ვალია, რომელიც არასაფინანსო ბიზნეს სექტორმა მათივე მესაკუთრე უცხოელ ინვესტორებს უნდა გადაუხადოს, ხოლო 321 მილიონი - სხვა უცხოელ მევალეებს, რაც ჯამში 530 მილიონ დოლარს აჭარბებს.

მოთხოვნა დოლარზე

წარმოვიდგინოთ, რომ ადგილობრივი კომპანიების უცხოელმა მეპატრონეებმა მათი 210 მილიონი დოლარის სესხის მხოლოდ ნახევრის გადახდა მოითხოვეს, დანარჩენი კი სააქციო კაპიტალად აქციეს. ასეთ პირობებში, სამეწარმეო სექტორს გადასახდელი დარჩებოდა 420 მილიონი დოლარი.

ვინაიდან არასაფინანსო კორპორაციებს ლომისწილად შემოსავლები აქვთ ლარში და არა დოლარში, საგარეო ვალის მომსახურებისათვის კომპანიებს მინიმუმ 300 მილიონი დოლარი მაინც უნდა ეყიდათ ლარით.

დავსვათ კითხვა: II კვარტალის რომელ დეკადაში იყო ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი დოლარის შესასყიდად?

პასუხი: ეს ხელსაყრელი პერიოდი ცალსახად იყო 2016 წლის 7 – 16 ივნისი, ანუ როცა კურსმა ბლუმბერგზე 7 ივნისს მინიმალურ ზღვარს მიაღწია და 10 დღის განმავლობაში 2.12 - 2.145 შუალედში მოძრაობდა. სწორედ ამ პერიოდში უნდა მომხდარიყო საგარეო ვალის მომსახურებისათვის განკუთვნილი მსხვილი საავალუტო შესყიდვების განხორციელება. უბრალოდ, ასე უნდა მოიქცეულიყო კომპანიები, ასე მოვიქცეოდით თითოეული ჩვენთაგანი.

დევალვაციის ქრონიკა

დოლარის მოცულობითი შესყიდვის შემდეგ, ლარმა მკვეთრი დევალვაცია 17 ივნისიდან დაიწყო. კურსი ბლუმბერგზე 2.145-დან 2.18-მდე გაუარესდა; შემდეგ შაბათი-კვირა დაემთხვა და კურსი ორშაბათს 2.195 გახდა; სამშაბათს - 2.205; ოთხშაბათს, 22 ივნისს კი მიაღწია პიკს - 2.235-ის დონეზე.

23 ივნისს ბაზარმა ნელი დამშვიდება დაიწყო და ბლუმბერგზე კურსი 2.23-მდე გაუმჯობესდა.

24 ივნისს ბრიტანული რეფერენდუმის შედეგების ფონზე ლარმა და რეგიონის ხვა ვალუტებმა, (აგრეთვე ბრიტანულმა ფუნტმა და ევრომ) მყისიერი დევალვაცია დაიწყო და ლარის კურსი ბლუმბერგზე 2.31 -მდე გაუარესდა.

აჟიოტაჟი

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ლარის დევალვაციას ხელი აჟიოტაჟმაც შეუწყო. ამას ცხადად დავინახავთ, თუ გარე ბაზარზე ყიდვა/გაყიდვის კურსებს შორის სხვაობას დავაკვირდებით.

როცა ბაზრი მშვიდია, მაშინ ყიდვა/გაყიდვის საუკეთესო კურსებს შორის სხვაობა 0.5 თეთრის მიდამოშია, დღეს კი ეს ხვაობა 6-ჯერ არის გაზრდილი და 3 თეთრს შეადგენს.

რას უნდა ველოდეთ

მიმდინარე კვარტლის საგარეო ვალი უკვე გადახდილია, ანუ ამ ფაქტორმა უკვე ჩაიარა; აჟიოტაჟიც მალე ჩაცხრება და გაივლის.

რჩება ბრიტანეთის ფაქტორი, რომელსაც ვერაფერს ვუშველით, მაგრამ მთლიანობაში ლარის კურსი აუცილებლად გაძლიერდება, ლარი გამყარდება და დღეს ვინც აჟიოტაჟის გამო დოლარს ყიდულობს, აუცილებლად წააგებს.

ვინც აჟიოტაჟს არ აყვება და საჭიროების გარეშე დოლარს არ შეიძენს, მოგებული დარჩება", - წერს დუნდუა.

იხილეთ:

1. ეროვნული ბანკის სტატისტიკა

https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304

2. ბლუმბერგის სტატისტიკა

http://www.bloomberg.com/quote/USDGEL:CUR