მაღალმთიან რეგიონში ბიზნესის წამოწყების მსურველებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ

მაღალმთიანი რეგიონის მოსახლეობისთვის ახალი „მიკრო გრანტები მთის განვითარებისთვის“ პროექტის შესახებ გაცნობითი სახის შეხვედრები დაიწყო.

როგორც  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, მაღალმთიან რეგიონში ბიზნესის წამოწყების მსურველებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ.

27 ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარადგინონ საკუთარი ბიზნეს იდეები ვებგვერდზე www.qartuli.ge და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით, მთაში საკუთარი საქმე წამოიწყონ.

უწყების განმარტებით, „მიკრო გრანტები მთის განვითარებისათვის“ არის ახალი პროექტი, რომელიც მეწარმეობის განვითარების სააგენტომ შეიმუშავა მთის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან თანამშრომლობით. პროექტი საშუალებას იძლევა, მაღალმთიან სოფლებში ბიზნესის განვითარებისთვის მოსახლეობამ სახელმწიფოს მხრიდან 5 000-დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსება მიიღოს და საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე ბიზნესი წამოიწყოს, რაც ზოგადად მთის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.