თბილისის აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა დაიწყო

2017 წლის ბოლოდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს მოფრენის ახალი ტერმინალი მოემსახურება.

შესაბამისი განცხადებები ახალი ტერმინალის საფუძვლის ჩაყრის საზეიმო ღონისძიებაზე გაკეთდა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, „ტავ ჰოლდინგის“ პრეზიდენტი სანი შენერი, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, „ტავ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

”2015 წელს ჩვენ „ტავ ჯორჯიასთან“ ხელი მოვაწერეთ განახლებულ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც „ტავ ჯორჯიამ“ აიღო ვალდებულება, რომ 1 800 000 მგზავრთა ნაკადის შემთხვევაში, ისინი დაიწყებდნენ გაფრენის ახალი ტერმინალის მშენებლობას. 2015 წელს ჩვენ რეკორდული ციფრები გვქონდა და მგზავრთა ნაკადის გამო შესაბამისად დაიგეგმა ახალი ტერმინალის მშენებლობა, რომელშიც ჩაიდება 25 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია. ეს გაზრდის კომფორტს, როგორც იმ მგზავრებისა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოვლენ, ასევე მოიტანს მუდმივ დასაქმებას. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ სულ რაღაც 12 კვირის წინ დავიწყეთ ასაფრენ-დასაფრენი ზოლის აღდგენის სამუშაოები, რომელიც 5 ივლისს დასრულდება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ახალი ტერმინალის ფართობი 12 000 კვადრატული მეტრი იქნება, მის მშენებლობაზე კი 500-მდე ადამიანი დასაქმდება.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების პროექტი არსებული ასაფრენი ზოლის სამიმოსვლო ბილიკების რეაბილიტაციას, მოფრენის ახალი ტერმინალის 5 ახალ სადგომსა და მგზავრთა ჩასხდომის ხიდით უზრუნველყოფას მოიცავს. ახალი ტერმინალის მშენებლობა 2017 წლის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 3,5 მილიონ მგზავრს მოემსახურება.

„უკვე 10 წელზე მეტია „ტავ ჯორჯიას“ დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის, ტურიზმისა და ავიაციის განვითარებაში. განვლილი წლების განმავლობაში კომპანიამ საქართველოში 100 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. ჩვენ ავაშენეთ თბილისისა და ბათუმის სრულიად ახალი საერთაშორისო აეროპორტების ტერმინალები და ისინი კეთილმოვაწყეთ საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურით. კავკასიის რეგიონში საქართველო უპირობო ლიდერია სტრატეგიული და ეკონომიკური განვითარების კუთხით, ახალი ტერმინალის აშენებით კი ქვეყანას აქვს შანსი, გახდეს უმნიშვნელოვანესი საავიაციო ჰაბი რეგიონში“, - განაცხადა „ტავ ჰოლდინგის“ პრეზიდენტმა სანი შენერმა და აღნიშნა, რომ ამ პროექტის განხორციელება დიდ სარგებელს და წინსვლას მოუტანს ქართულ ეკონომიკასა და ავიაციას.