”უხარისხო ტელეფონები საქართველოს სამომხმარებლო ბაზრიდან გაასვენონ”

მომხმარებელთა ფედერაცია კოლექტიური სარჩელისთვის ემზადება, რომელიც ტექნიკის მაღაზიების მიერ რეალიზებული პროდუქტის მომხმარებელთა უფლებების დაცვას ემსახურება. ამის შესახებ მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარემ, მადონა კოიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მადონა კოიძემ მოქალაქეებს მოუწოდა, მიმართონ ფედერაციას, რომელიც მომხმარებლებს ეკონომიური ზარალისგან და უხარისხო iPhone-ებისგან დაიცავს:

”მე მინდა მოგიწოდოთ: მოგვმართეთ, მზადდება კოლექტიური სარჩელი და ჩვენ მზად ვართ, ვიბრძოლოთ თქვენი უფლებებისთვის, დავიცვათ თქვენი კანონიერი უფლებები, დაგიცვათ ეკონომიური ზარალისგან და უხარისხო iPhone-ებისგან”, - განაცხადა მადონა კოიძემ.

მისივე თქმით, საზოგადოებაში დაგროვილი ბევრი კითხვის გამო, მომხმარებელთა ფედერაციამ შესაბამის კომპანიებს კითხვარები გაუგზავნა:

”ჩვენ რამდენიმე კომპანიას მივწერეთ წერილი იმის თაობაზე, რომ მოეწოდებინათ ინფორმაცია. ჩამოყალიბებული იყო 5 ძალიან მარტივი კითხვა: რა მოდელებს ყიდდნენ, აქვთ თუ არა მათ ოფიციალურად Apple - ის ლოგოების გამოყენების უფლება, აქვთ თუ არა რეალიზაციაში მეორადი ტელეფონები და ამის შესახებ იცის თუ არა მომხმარებელმა”, - აღნიშნა მადონა კოიძემ და დასძინა, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია მხოლოდ ორმა კომპანიამ მიაწოდა:

“სამწუხაროდ, ამ კითხვებზე მხოლოდ ორმა კომპანიამ გვიპასუხა. ეს არის iTechnic და Techno Boom. მათ ასევე გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი მომხმარებელთა ფედერაციასთან: თუ პრეტენზია არსებობდა გაყიდულ ტექნიკასთან მიმართებაში, მომხმარებელს ჰქონოდა ბერკეტი და შესაძლებლობა, რომ ამის შესახებ გარდა სერვის ცენტრისა, მოემართა მომხმარებელთა ფედერაციისთვის. ანუ ისინი მუშაობენ გამჭვირვალედ, რასაც ვერ ვიტყვით დანარჩენ კომპანიებზე”, - განაცხადა მადონა კოიძემ.

მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარემ ბიზნეს ოპერატორებს სინდისიერი ოპერირებისკენ მოუწოდა:

”მე ძალიან დიდი თხოვნა მაქვს ყველა არაკეთილსინდისიერ ბიზნეს ოპერატორთან, რომ საქართველო არ გადააქციონ ნაგავი ტელეფონების სარეალიზაციო ადგილად, შემოიტანონ ხარისხიანი ტელეფონები, როგორიც სხვა ქვეყნებში იყიდება და ჩვენ გვქონდეს საშუალება, რომ ხარისხიანი ტელეფონები ვიყიდოთ. უხარისხო ტელეფონები გაასვენონ საქართველოს სამომხმარებლო ბაზრიდან”, - აღნიშნა მადონა კოიძემ.