CENN-ის ბულაჩაურის მწვანე ცენტრში საზაფხულო ბანაკები იხსნება

დღეს, CENN-ის ბულაჩაურის მწვანე ცენტრში საზაფხულო ბანაკები იხსნება, - ამის შესახებ CENN-ში აცხადებენ.

ბანაკში ჩაერთვებიან საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელები მთელი საქართველოდან, მათ შორის აფხაზეთიდან. პირველ ბანაკში 25 მოსწავლე აფხაზეთიდან ჩამოვა.

მათი ინფორმაციით, 10-დღიანი ბანაკების ფარგლებში სტუდენტებს ჩაუტარდებათ ლექციები ეკოლოგიაში, ტყეებისა და ბუნებრივი რესურსების მართვაში, გარემოსდაცვით მონიტორინგში, ნარჩენების ინტეგრირებულ მართვაში და პასუხისმგებლიანი სამთო მოპოვებითი მრეწველობის განვითარებაში. სტუდენტები გაივლიან კურსებს ჟურნალისტიკაში, დოკუმენტურ და მხატვრულ ტექსტებზე მუშაობაში, ფოტოგრაფიაში, ლაშქრობის უსაფრთხოებასა და დაგეგმვაში.

მათივე ცნობით, სპეციალისტები, მთელი ბანაკების განმავლობაში, სტუდენტებთან იმუშავებენ მშვიდობის, ტოლერანტობის, გამოხატვის თავისუფლების, გენდერისა და ძალადობის თემებზე. თეორიული კურსის გარდა ბანაკის მონაწილეები დაკავდებიან ისეთი პრაქტიკულ სავარჯიშოებით, როგორიცაა სანერგეების მოწყობა, მცენარეების დაკალმება და დათესვა. დღის წესრიგში ასევე შედის ექსკურსიები და ორდღიანი ლაშქრობები.

მონაწილეებს გადაეცემათ საინფორმაციო მასალა: წიგნები, ბროშურები, პლაკატები, გზამკვლევები, მაისურები, ფილმები, პრეზენტაციები.

ორგანიზაციის ინფორმაციით, CENN-ის სამუშო ჯგუფისა და დამოუკიდებელი ექსპერტების გარდა, ტრენინგებში ჩაერთვებიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები.

ძირითადი აქცენტი გაკეთდება გარემოსდაცვით მონიტორინგზე ახალი ტექნოლოგიების – მობილური აპლიკაციისა და ელექტრონული რუკების გამოყენებით. ბანაკების საშუალებით, სტარტს აიღებს კონკურსი „ფოტო სინთეზი“ და ნიკო კეცხოველის პრემია, რომელსაც CENN გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან და განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროსთან ერთად მესამე წელია ახორციელებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ბანაკის მონაწილეები გადამზადდებიან ტრენერებად და ახალი სასწავლო წლიდან CENN-ის ადგილობრივი წარმომადგენლისა და მედია-რეპორტიორის ფუნქციებს შეასრულებენ.

CENN-ის საზაფხულო ბანაკები ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე გაგრძელდება და მასში ასზე მეტი სკოლა მიიღებს მონაწილეობას. პროგრამის ძირითადი ნაწილი ასევე წარდგენილი იქნება ანაკლიის მომავლის ბანაკების ყველა ნაკადის სტუდენეტებისათვის.